გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ იოსელიანი: მეზღვაურებო, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა და იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევქმნათ უკეთესი მომავალი საქართველოს საზღვაო სფეროში!

27-06-2021

„მეზღვაურებო, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა და იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევქმნათ უკეთესი მომავალი საქართველოს საზღვაო სფეროში!" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღნისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა მეზღვაურებს იმ წვლილისთვის, რაც თავისი დაუღალავი შრომით მსოფლიოს ეკონომიკაში შეაქვთ.

„ჩემთვის, როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელისთვის, ამ დღეს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს. წელს სააგენტო დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებას და ამ რეფორმების ცენტრალური ფიგურა სწორედ მეზღვაურია," - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა, პანდემიით გამოწვეულ ურთულეს სამუშაო პირობებში, მეზღვაურთა მიერ გამოჩენილ სამაგალითო გამძლეობაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა მეზღვაურების უმნიშვნელოვანესი როლი გლობალური მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობისა და მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომლის ძირითადი ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა. ტრადიციულად, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი პირველი აქტივობა საზეიმო მსვლელობაა სასულე ორკესტრის თანხლებით, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურისკენ. ღონისძიებებში მონაწილეობენ საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები.

წელს მეზღვაურის დღე ქართველ მეზღვაურებთან ერთად აღნიშნეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელის - HMS defender ეკიპაჟის წევრებმაც. სააგენტოს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მის აღმატებულებას, მარკ კლეიტონს და გემის კაპიტანს ვინს ოუენს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

ჟურნალისტებთან საუბრისას, სააგენტოს ხელმძღვანელი შეეხო საზღვაო შრომის რეფორმას, რომლის განხორციელებასაც წელს იწყებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს მეზღვაურების ღირსეულად დასაქმებისთვის. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, განათლების სტანდარტები წლიდან წლამდე უმჯობესდება. მან ყურადღება გაამახვილა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალზე, რომელიც უმაღლესი სტანდარტით არის აღჭურვილი და 10 პროფესიული პროგრამა უკვე ავტორიზებულია და ასევე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საწვრთნელ აუზზე, რომელიც დღეს გაიხსნება და სრულიად თანამედროვე, საერთაშორისო მოთხოვნების წვრთნებით უზრუნველყოფს სტუდენტებსა და მეზღვაურებს.

მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930