28-06-2021
პარლამენტში შექმნილი ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე, რაც ოპოზიციური პარტიების შემოსვლითაა განპირობებული, საჭირო გახდა პარლამენტის კომიტეტებში, დელეგაციებში, კომისიებსა და საბჭოებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ხელახალი განსაზღვრა.
საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ თექვსმეტივე კომიტეტში წევრთა რაოდენობა 19-ით განისაზღვრება. მათგან 10 წევრი იქნება უმრავლესობიდან, 9 - ოპოზიციის წარმომადგენელი, საიდანაც 3 წევრი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას", დანარჩენ ფრაქციებს კი თითო, ერთი იქნება უფრაქციო პარლამენტის წევრი, ერთი წევრი ეყოლება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩს".
ანალოგიურად განაწილდება ადგილები პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიასა და პარლამენტის ეთიკის საბჭოში, რომელთა შემადგენლობაც 14-14 წევრითაა განსაზღვრული.
რაც შეეხება პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გადანაწილებას, ამის შესახებ კომიტეტი მოგვიანებით იმსჯელებს. მომხსენებლის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" დამატებითი დრო ითხოვა აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციების გასამართად.