28-06-2021
აქ ძალიან ბევრი ისაუბრეს, ბატონი რომან გოცირიძე გამოვიდა ტრაფარეტული სიტყვებით - სიმართლე, სიმართლე, სიმართლე და გვესაუბრა მხოლოდ სიყალბე, სიყალბე, სიყალბე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ყველაფერზე საუბრობს რომან გოცირიძე, რომელიც არის კუპონის ფუძემდებელი ქვეყანაში.
„ხომ გახსოვთ კარგად კუპონი და კუპონიზაცია? ეს კაცი დღეს გველაპარაკება ჩვენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვეუბნება, რომ სოფლის მეურნეობაში „ნაცმოძრაობას" ჰქონდა უფრო მეტი პროგრესი, ვიდრე ჩვენს მთავრობას. ამაზე მეტი სიცრუე რა შეიძლება მოვისმინოთ თქვენგან, ბატონო რომან?!" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლამდე 37-38% იყო, ახლა არის 19-21%, რაც, რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არ არის.
„სწორედ ჩვენი ხედვის, ჩვენი გეგმების მიხედვით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სიღარიბის მაჩვენებელი უახლოესი წლების განმავლობაში მინიმუმ გავანახევროთ. უმუშევრობა 2012 წელს იყო 26,7%, ახლა გვაქვს 21% და რა თქმა უნდა, ესეც უნდა გავანახევროთ უახლოეს წლებში და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა პრემიერმა.