28-06-2021
„ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან მიზანმიმართულად და ინტენსიურად მიმდინარეობს ქართული ოცნების მიერ გატარებული რეფორმების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის სფეროში. არაერთმა კოლეგამ ახსენა თითქოს სასამართლო არის დისკრედიტებული, ეს ასე არ არის და ეს არის ტყუილი", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით გამართული პოლიტიკური დებატებისას.
მის თქმით, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ურთულესი დილემის წინაშე აღმოჩნდა - მას ორიდან ერთ-ერთი პრობლემატური არჩევანი უნდა გაეკეთებინა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით: „ახალ ხელისფლებას სასამართლო სრულად უნდა გაეწმინდა 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში მომსახურე მოსამართლეებისაგან და სუფთა ფურცლიდან დაეწყო, ან სასამართლო ხელისუფლება არსებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეოხებით რეპუტაციაშელახული მოსამართლეთა კორპუსის შენარჩუნებით, გარდაექმნა და გაეჯანსაღებინა".
„ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების ერთმნიშვნელოვანი და პრინციპული რეკომენდაცია სასამართლო კორპუსის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა იყო. საბოლოოდ, ახალმა ხელისუფლებამ, სწორედ ამ რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედა. ამ გადაწყვეტილების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონსტიტუციის პატივისცემა რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა ხელშეუხებლობის პრინციპებს ეფუძნება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები მაღალ დონეზეა შეფასებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც.
„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით „საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად და პარლამენტი ჩვენგან შექებას იმსახურებს". ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკაშირის ერთობლივი განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს და ევროკავშირს მიაჩნიათ, რომ ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დავამტკიცეთ, ეფუძნებოდა იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომელიც ეყრდნობოდა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ასევე მიესალმა საქართველოში მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციურ სფეროებში რეფორმირების განხორციელების კუთხით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.