29-06-2021
ოპოზიცია აგრძელებს დემაგოგიას, რომ მთავრობას თურმე არ აქვს ვაქცინაციის გეგმა, თავიდან ბოლომდე დალაგებული გვაქვს ეს სისტემა, მათ შორის ექიმებისგან შემდგარი ბრიგადები, რომლებმაც დღეში ოციდან ოცდაათი ათასამდე აცრა უნდა ჩაატარონ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
„გამოწვევები, ბუნებრივია ძალიან ბევრია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით არა ერთი შეკითხვა იყო დასმული. იმის მიუხედავად, რომ მე ვისაუბრე და 2-3 დღეში უკვე შემოვა პირველი მილიონი ვაქცინა, შემდეგ ვაჩვენეთ შემდეგი ეტაპები - Pfizer-ის კიდევ ერთი მლნ, შემდეგ კიდევ ერთი მლნ სხვა, ჩინური ვაქცინების, უწყვეტად მაინც აგრძელებენ დემაგოგიას და სიცრუეს, რომ მთავრობას თურმე არ აქვს ვაქცინაციის გეგმა და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს თავიდან ბოლომდე დალაგებული ეს სისტემა, მათ შორის ექიმებისგან შემდგარი ბრიგადები, რომლებმაც დღეში ოციდან ოცდაათი ათასამდე აცრა უნდა ჩაატარონ. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. COVAX-ის პლატფორმიდან, რომელზეც იყო მთავრობა დამოკიდებული მანამდე, სანამ მე დავინიშნებოდი, იყო გარკვეული შეფერხება და თქვენ იცით, რომ ევროპის ქვეყნებსაც, ძლიერ სახელმწიფოებსაც ჰქონდათ ძალიან ბევრი შეფერხება ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით. შემდეგ ჩვენ შევცვალეთ, როცა მე დავინიშნე და მინისტრთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართულნი. პირადად ვესაუბრებოდით როგორც Pfizer-ის ხელმძღვანელს, ასევე, ჩინეთის ხელისუფლებასთან გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკებები და მიმოწერები. ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც უკვე მოგახსენეთ",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.