29-06-2021
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება და მის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერმა გამოსვლაში საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის ანგარიში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სამთავრობო გუნდი ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს. ეს გამოსვლა დიდი ოპტიმიზმით გვავსებს და ეს არის პრაგმატული ოპტიმიზმი. გამოსვლაში პრემიერმა ისაუბრა იმ თემებზე, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აინტერესებს. ეს არის მაგალითად ის, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ ქართული ეკონომიკა პანდემიის შემდეგ. ეს არის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების შემდგომი გაძლიერება. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარება, სახელმწიფო მმართვის სისტემის გაუმჯობესება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება და ბევრი სხვა. ეს არის, რაც არის საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის და ამაზე უნდა გვქონდეს პირველ რიგში მსჯელობა.
თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ საცვლად ამ თემებისა ჩვენ ხშირად გვიწევდა გადასვლა სხვა თემებზე, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა. ეს არის დაპირისპირებები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს. სამწუხაროა, რომ ძირითადად ამ დაპირისპირებებს ეთმობა ხოლმე, მათ შორის, საეთერო სივრცე. მაშინ როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ყურადღება, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ ვითარებაში, კონცენტრირებული უნდა იყოს იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას უკავშირდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.