გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
fDi Magazine საქართველოს ტურიზმის განვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს

29-06-2021

„საქართველო ფსონს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე დებს“-ამ სათაურით გავლენიანი ეკონომიკური გამოცემა Financial Times-ის ჟურნალი fDi Magazine ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითველს საქართველოს ეკონომიკის შესახებ ვრცელ მიმოხილვას სთავაზობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ტურიზმია.

„ტურიზმი საქართველოში რთული გასაყიდი არ არის. მართალია ეს ქვეყანა მცირე ზომისაა, მაგრამ ის ამაყობს Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილებით, შავი ზღვის სანაპიროთი, ჯადოსნური კავკასიონის მთებით, მრავალფეროვანი ბუნებით, 8 ათასწლოვანი ღვინის დამზადების ტრადიციითა და მდიდარი სამზარეულოს კულტურით.“-წერს გამოცემის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 200%-ით გაიზარდა და 1.5 მილიონიდან 4.4 მილიონს მიაღწია. 2019 წელს კი მოგზაურთა რაოდენობა ამ მონაცემებზე ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა და საქართველოში 9.3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ამ შედეგმა ქვეყნის ეკონომიკას 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა, რაც მთლიანი შიდა პროდუქციის 7.5% -ს შეადგენს.

სტატიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თამარ ყორიაულის ციტატაა მოყვანილი.
„ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი ტურიზმის განვითარებაა, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ეროვნული პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მოსახლეობას, მათთვის უსასყიდლოდ ვმართავთ ტრენინგებს უსაფრთხოების, მდგრადობისა და ეკო პრინციპების დასანერგად.„-აცხადებს თამარ ყორიაული fDi Magazine-თან საუბარში.

„სანამ მთავრობა კერძო სექტორის მხარდაჭერის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციებისა და საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს, ამასობაში ევროკავშირი, USAID, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სხვა ორგანიზაციები ფინანსური კუთხით აქტიურად მხარს უჭერენ საქართველოს, რომ რეგიონული პროექტები განავითაროს. მაგალითად ევროკავშირმა შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად „პროექტი გრეტა“ წამოიწყო. ეს არის დასავლეთ საქართველოს სამთო რეგიონების 8 მუნიციპალიტეტისათვის შეთავაზებული 860 000 ევროს ღირებულების საგრანტო პროგრამა. ასეთი გრანტებით მოქალაქეებს არა მხოლოდ სახლების შეკეთება და შემდეგ ორი ოთახის გაქირავება, არამედ ბიზნესი მოდელის შექმნა შეუძლიათ, სადაც გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებიც არის გათვალისწინებული.“-წერს სტატიის ავტორი.

fDi Intelligence Magazine-ს გამომწერთა თითქმის 85% მულტინაციონალური კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები არიან. ამასთან, fDi Intellegence Magazine ვებგვერდს 36,000 რეგისტრირებული გამომწერი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 54% მაღალი დონის მენეჯერები ან საინვესტიციო კონსულტანტები არიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930