გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების სრული მზადყოფნა დაავალა

29-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს და აცრის ინფრასტრუქტურის, ამცრელი ბრიგადების რაოდენობის თუ რეგისტრაციის პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტური მართვის აუცილებლობას, განსაკუთრებით შეზღუდვების შემსუბუქებასა და ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია.

როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან უქმდება ღამის საათებში - 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა; ამის მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული არ იქნება 00:00-05:00 საათამდე. კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.

ამასთან, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის და მას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული. პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ბაზრობებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 365 068 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 351 144 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 297 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 42 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 611 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2639 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031