30-06-2021
„საქართველო 2011 წლიდან ღია მმართველობის პარტნიორობის წევრია, რაც ერთგვარ ვალდებულებას აკისრებს, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა მმართველობის პროცესში. მოქალაქეთა უფლებაა, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს საქმეების წარმართვაში და ეს დემოკრატიული მმართველობის უპირველესი პრინციპია. სამოქალაქო ბიუჯეტი, მოქალაქეების და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობის შედეგია, ეს არის თანამშრომლობა, თუ როგორ უნდა განაწილდეს ხარჯები.
დღესდღეობით საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები წარმოადგენენ ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთ და არა ერთადერთ ძირითად საფუძველს და მიხარია, რომ საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესი უფრო და უფრო პოპულარული ხდება", - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ქედაში, „სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს 2011 წლიდან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ნაკისრი ვალდებულებაა, მმართველობის პროცესში მოქალაქეთა მეტი ჩართულობა. მისივე თქმით, წარმომადგენლობითი დემოკრატია წარმოადგენს ბაზისს, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი თანამედროვე და წარმატებული ქვეყნის პოლიტიკური სისტემა და მმართველობა.
„გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების თანამონაწილეობა უზრუნველყოფს უკეთესი შედეგების მიღწევას და ხელს უწყობს ღია, გამჭირვალე, დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას. როდესაც ეს პროცესი ხორციელდება გააზრებულად, პროცესში ჩართული ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღწევა ქვეყნის განვითარებისათვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა პროექტის ინიციატორებს, ორგანიზატორებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მაღალია მოქალაქეთა ჩართულობა, მათი აზრისა და არჩეული გადაწყვეტილებების გათვალისწინება, მით უფრო იზრდება მუნიციპალიტეტის განვითარების მასშტაბი. მან იმედი გამოთქვა, რომ ქედის წარმატება, სადაც 64-ვე სოფელში ხორციელდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც მაგალითი გახდება.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ქედის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის გამარჯვებულებს საქართველოს პარლამენტის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
პროექტი - „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად" - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" - მხარდაჭერით, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" მიერ განხორციელდა.