გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: პარლამებტის დროებითი საგამოძიებო კომისია ცესკო-ს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს

30-06-2021

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს.

კომისიის შემაჯამებელი სხდომა 8 ივლისს 17:00 საათზე გაიმართება, რომელზეც დასკვნის და დადგენილების პროექტს წარმოადგენენ. კომისიის წევრებმა, დღევანდელ შეხვედრაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 40-მდე პირის მიერ ჩამორთმეული ახსნა-განმარტების ანალიზი განხორციელდა. ეს იყო მნიშვნელოვანი პროცესი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სიღრმისეულად შეგვესწავლა კონკრეტული საარჩევნო უბნების საკითხები. გამომდინარე იქიდან, რომ გადათვლისა და გასაუბრების საფუძველზე, კონკრეტული პირების მიერ დაშვებული შეცდომები გამოვლინდა, კომისიამ აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით გარკვეული დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე იმსჯელა. მაგრამ მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდა, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული პირები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებად აღარ ითვლებიან. გამომდინარე აქედან, დროებითმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, დღის ბოლომდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე გაიგზავნოს წერილი, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული უბნების კონკრეტული პირები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციაში იყვნენ ჩართულნი. ეს ემსახურება იმას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელოს რამდენად მიზანშეწონილი იქნება მათი სამომავლო დასაქმება. ეს იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ გარკვეული რეაგირება, სადაც ჩვენ გამოვხატავთ პოზიციას, რომ ამ ადამიანებმა რიგ შემთხვევებში უპასუხისმგებლობით, რიგ შემთხვევებში კომპეტენციის ნაკლებობით და ადამიანური ფაქტორებით ისეთი შეცდომები დაუშვეს, რამაც ამ უბნების მონაცემები პრობლემატურ აქციეს", - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისივე განცხადებით, კომისია უკვე დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს რეკომენდაციებსა და დადგენილების პროექტზე მუშაობა, რომელიც პარლამენტის ბიუროს და რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას წარედგინება.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ 13 მაისიდან დღემდე 15-მდე სხდომა გამართა, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საარჩევნო ოლქების და უბნების წარმომადგენლებს და პროკურატურის თანამშრომლებს მოუსმინეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930