30-06-2021
საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე საჯარო მიმართვა გაავრცელა და ტყის მიწების რეგისტრაციის პროცესის შეჩერება მოითხოვა. მიმართვის მიხედვით, გამოვლენილია ტყის საზღვრების უკონტროლო და მასობრივი ცვლილებების პროცესთან დაკავშირებული მაღალი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი რისკები, რაც მთავრობის მხრიდან სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.
„მსოფლიო ღირებულების ეკოსისტემების, ბუნების ძეგლებისა და კულტურული ლანდშაფტების ხელყოფის გარდა, სრულიად უსარგებლოდ ნიავდება სახელმწიფო ქონება და იკარგება ეკონომიკური პოტენციალი, ილახება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, იზრდება სიღარიბე და მცირდება ცხოვრების ხარისხი" - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონო პრემიერ-მინისტრო,
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულმა პლატფორმამ, დეტალური შესწავლის ნიადაგზე, გამოავლინა მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ტყის საზღვრების უკონტროლო და მასობრივი ცვლილებების პროცესთან დაკავშირებული მაღალი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი რისკები, რაც მთავრობის მხრიდან სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.
კერძოდ, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან, მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის ამოქმედებამ, შექმნა სამართლებრივი „თეთრი ლაქა“ იმისთვის, რომ ტყის საზღვრების კორექტირება და სახელმწიფო ტყეების კერძო საკუთრებაში რეგისტრაცია სატყეო კანონმდებლობის და მართვის ორგანოების გვერდის ავლით განხორციელდეს.
დღევანდელი მდგომარეობით, ძვირადღირებული ქონების სრულიად უფასოდ დაუფლების პრეცენდენტების რაოდენობა იზრდება საქართველოს ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში და ცალკეულ სოფლებში უკვე ათეულობით შემთხვევას აღწევს.
ტყიდან ამორიცხული და ფიზიკურ პირებზე დარეგისტრირებული ადგილები ძირითადად, მდებარეობს საკურორტო, ტურისტული ან ურბანული ზონების სიახლოვეს, სადაც მიწის ფასი მაღალია. არსებობს დაზუსტებული ფაქტები, როცა ტყის კარგად შენარჩუნებული კორომებით დაფარული ტერიტორიები, რეგისტრაციიდან უმოკლეს პერიოდში, მთლიანად იჩეხება და ბუნებრივი ეკოსისტემისთვის სრულიად არათავსებადი ინფრასტრუქტურით იტვირთება.
შედეგად, ფიზიკურად და იურიდიულად ქრება არა მხოლოდ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სატყეო ფართობები, არამედ, ბუნებრივი ეკოსისტემების ფრაგმენტაციის და გარემოში უხეში ჩარევის შედეგად, შეუქცევადი ზიანი ადგება ვრცელ ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტებს.
სახეზეა გაჩეხილი ხელშეუხებელი კორომები, მოჭრილი მთები, სამშენებლო ნარჩენში დამარხული ფერდობები, შეღობილი ჩანჩქერები და კანიონები, გადატიხრული ტყეები და მდინარეები. მსოფლიო ღირებულების ეკოსისტემების, ბუნების ძეგლებისა და კულტურული ლანდშაფტების ხელყოფის გარდა, სრულიად უსარგებლოდ ნიავდება სახელმწიფო ქონება და იკარგება ეკონომიკური პოტენციალი.
განსაკუთრებული ზიანი ადგება საერთაშორისო მნიშვნელობის ზონებს ისტორიულკულტურული, ღვინის, აგრო და ეკოტურიზმის მიმართულებით. სუსტდება ბიზნესი და მცირდება სამუშო ადგილები. ილახება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, იზღუდება წვდომა საარსებო რესურსებზე, იზრდება სიღარიბე და მცირდება ცხოვრების ხარისხი. ამასთან, მაღალი საბაზრო ღირებულების სახელმწიფო ქონების მასობრივი მიტაცება სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კარგი მმართველობის ადგილობრივ ინდექსზე და ზრდის კორუფციის რისკებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოითხოვს:
• სასწრაფოდ შეჩერდეს ტყის საზღვრების კორექტირებისა და ტყის მიწების რეგისტრაციის პროცესი; ამ მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოსცეს სპეციალური დადგენილება ტყის მიწების რეგისტრაციის შესახებ შემოსული განცხადებების განხილვისა და ახალი განცხადებების მიღების პროცესის შეჩერების შესახებ, აღნიშნული პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოებში დაბრუნებამდე.
• ტყის მიწების რეგისტრაცია დაუბრუნდეს საკანონმდებლო ჩარჩოებს და განხორციელდეს მხოლოდ მმართველი უწყებების - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაწილეობით; o ამ მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს მუშობა ტყის საზღვრების კორექტირების კანონმდებლობის განახლებაზე და უზრუნველყოს მასში საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო სექტორის ფართო მონაწილეობა“ - ნათქვამია განცხადებაში.