1-07-2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 3 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 24 600 მ2. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 267 781 ლარს.
გამოძიების დაწყებისთანავე, მყისიერად იქნა დაყადაღებული მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ დაუბრუნდება სახელმწიფოს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.