1-07-2021
„დაცული ტერიტორიების მართვა და გაფართოება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია; ეს არის უნიკალური ტერიტორიები, სადაც წარმოდგენილია განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნება და მათი დაცვა უნდა მოხდეს დაცული ტერიტორიების ფარგლებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვის წარდგენის ღონისძიებაზე.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.
მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე, მათ შორის, დაცული ტერიტორიების განვითარების გეგმაზე დეტალურად ისაუბრა.
2012-2021 წლებში, საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 293 476 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის, 798 287 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია. შემუშავებული გეგმის თანახმად, 2030 წლამდე, დაცული ტერიტორიების ფართობი 1 მილიონ ჰექტრამდე გაიზრდება და ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 17%-ს მიაღწევს.
აღნიშნულის პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას: კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს, რაც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარება იქნება და საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობას გაზრდის.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს სამომავლო გეგმის ნაწილია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი ბაზის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ძირითადი სახეობებისა და ჰაბიტატების ეფექტიან შესწავლას და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვას.
დაგეგმილია, ეტაპობრივად განხორციელდეს დაცულ ტერიტორიებზე ტყეების ინვენტარიზაცია და მომზადდეს ტყის მართვის გეგმები, რათა მოხდეს ტყის რესურსების მდგრადი მართვა და, საჭიროების შემთხვევაში, აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება.
საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით საქართველოს დაცული ტერიტორიების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, დაგეგმილია რეინჯერების გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; რეინჯერები აღიჭურვებიან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით და თანამედროვე სმარტტექნოლოგიებით, რომელთა დანერგვაც უკვე მიმდინარეობს; 2030 წლამდე, დაგეგმილია რეინჯერთა რაოდენობის 50%-ით გაზრდა.