1-07-2021
მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის წარმოება გაძლიერდება და მიმართული იქნება ქართული ღვინის, როგორც კატეგორიის ჩამოყალიბებისა და სტრატეგიულ ბაზრებზე მასშტაბური რეალიზაციის ხელშეწყობისკენ.
"საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, დაგეგმილია ახალი ბაზრების ათვისება: სამხრეთ კორეა, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები და სხვ.
ღვინის კერძო ინდუსტრიასთან კოორდინაციით, 2030 წლისთვის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად და ქართული ღვინის ხარისხის მდგრადი უზრუნველყოფის საფუძველზე, ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ქვეყნისთვის 1 მლრდ დოლარს მიაღწევს.
ღვინის ეროვნული სააგენტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ქართული ღვინის პოპულარიზაციას 2012 წლიდან ახორციელებს სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში - ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია და გერმანია. ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა თუ ფესტივალზე.
2012 წლიდან დღემდე, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 1.5 მლნ ლარიდან, 9 მლნ ლარამდე გაიზარდა. შედეგად, 2012 წლიდან დღემდე, დაახლოებით 300%-ით არის გაზრდილი ქართული ღვინის ექსპორტი. 2012 წელს, მსოფლიოს 43 ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა შეადგენდა 23 მლნ. ბოთლს, 2020 წლის მონაცემებით კი, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში ექსპორტირებულია 92,4 მლნ ბოთლი ღვინო" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.