1-07-2021
ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების საკითხების ინტეგრირების პროცესით სახელმწიფომ უმნიშვნელოვანესი მიზნისკენ სვლა დაიწყო. ეს მიზანია განათლებული, სწორი ღირებულებების მქონე მომავალი თაობის აღზრდა, რომელიც შეძლებს გლობალური მასშტაბის გამოწვევებს გაუმკლავდეს, ჩამოყალიბდეს საზოგადოებად, რომლისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა და სოციალური კეთილდღეობა - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ფარგლებში, დაიწყო მასშტაბური პროცესი, რომელიც მოიცავს 50 000 პედაგოგის გადამზადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადებული სახელმძღვანელოს გამოყენებით, ხოლო 500 000 მოსწავლე მიიღებს ბაზისურ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი“ - განაცხადა დავითაშვილმა.