გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყება

2-07-2021

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრების პროცესი სამშაბათს, 6 ივლისს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი ინტერვიუ დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხონაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება.

ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ გასაუბრების პროცესში ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ დრო კითხვების დასმისთვის, მიუხედავად იმასა, რომ მათმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე.

შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება" გამოეყოფა 75 წუთი, ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" – 15 წუთი, ფრაქციას - „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" – 15 წუთი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" – 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს - „გირჩი" – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები"- 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები" – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს - ჯამში 33 წუთი.

მისი თქმით, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც. კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენელებს ჯამში მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს - 15 წუთი.

„მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე, მისთვის კანდიდატებთან გასაუბრებისას გამოყოფილი იქნება შესაბამისი დრო. ჩვენ, სახალხო დამცველს ვთავაზობთ, რომ ჩაერთოს პროცესში. მისთვის დრო გამოყოფილი იქნება და მან უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა მონაწილეობას გასაუბრებაში", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ ასევე უარი განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა ეს პოზიცია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ გაიზიარა.

„არასამთვარობო ორგანიზაციების ნაწილი ემიჯნება ამ ბოიკოტს და სურს ამ პროცესში მონაწილეობა. მაგალითად, სოციალური სამართლიანობის ცენტრს და ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები.

კომიტეტმა, ასევე მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანგარიში, სამუშაო ჯგუფის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცხრავე კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად თავსებადია კანონმდებლობასთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930