გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით

3-07-2021

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი. აღნიშნული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისევე როგორც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული.

კანონპროექტის ვერსიის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ს აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს "რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი"-დან 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. კანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

2022 წლის კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 132 025 000 მლნ აშშ დოლარისა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს თან ერთვის განმარტებითი ანგარიში, რომლის თანახმად კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტი მხარს უჭერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნას ფინანსურ დახმარებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგიონული ჩართულობა.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსების საკითხზე განმარტებით ანგარიშში აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირეებთან ერთად მოხსენიებულია საქართველოც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი რჩება მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოების ერთგული და აგრძელებს ისეთი პროგრამების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის გადამწყვეტია. შესაბამისად, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს განგრძობად მხარდაჭერას ისეთი მოკავშირეების მიმართ როგორებიც არიან: ისრაელი, იორდანია, მექსიკა, კოლუმბია და ინდოეთი, ისევე როგორც რუსეთის განახლებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მყოფი, უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირელი მოკავშირეები.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, კომიტეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს მოუწოდებს დახმარების პროგრამების პრიორიტეტების შესაბამისად გადალაგებას, იმისათვის, რომ დაფინანსებამ უზრუნველყოს საქართველოში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზით გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის წახალისება. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ის საგარეო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ამ ქვეყნების მიერ განგრძობადი ძალისხმევის ფონზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტს უნდა წარუდგინოს 2021 ფისკალური წლის განმარტებითი ბარათით გათვალისწინებული განახლებული ანგარიში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930