5-07-2021
„ქართული ოცნების“ წევრის ისკო დასენის განცხადებით, "კომპანია „ვიპტრეიდი“-ს ანგარიშზე თანხების მოძრაობასთან არც მას და არც მის შვილებს არასდროს კავშირი არ ჰქონიათ".
"მოგესალმებით! მსურს განცხადებით გამოვეხმაურო 3 ივლისს, „ტვ პირველზე“, ნოდარ მელაძის გადაცემაში გასულ მორიგ პროვოკაციულ, ტყუილებით გაჯერებულ სიუჟეტს.
სიუჟეტი ეხებოდა შპს „ვიპტრედ“-ს. დაახლოებით 10 წუთიან სიუჟეტში მინიმუმ 10-ჯერ ვართ ნახსენები მე და ჩემი შვილები, რომლებმაც თითქოს თაღლითური გზით წავართვით მოქალაქეებს ქონება და ამ გზით გავმდიდრდით, ხოლო რეალური მფლობელი, 2017 წლიდან დღემდე ამ ფირმის დამფუძნებელი და მმართველი ფაქტიურად არ დაუსახელებიათ. ჩნდება კითხვა - რატომ? პასუხი არის ერთი - მელაძეს და მის გუნდს გააჩნია მხოლოდ ერთი მიზანი - ისკო დასენის და მისი შვილების დაკავშირება არარსებულ კრიმინალთან, გამოგონილ უკანონო გამდიდრებასთან და ა. შ.
იმ დღიდან, რაც გავხდი მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ და ამასთანავე, პარლამენტის წევრი, „ტვ პირველს“ ჩემს შესახებ გაკეთებული აქვს მრავალი მოგონილი სიუჟეტი. პირადად მე ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხის ჟურნალისტებისთვის მიცემული მაქვს არაერთი ინტერვიუ, როგორც ჩემს დეკლარაციასთან, ისე ჩემი შვილების ბიზნესებთან დაკავშირებით, მაგრამ არც ერთხელ არ გაუშვიათ გაყალბების გარეშე, 10 წუთიან ინტერვიუდან აჩვენებდნენ მხოლოდ რამდენიმე წამს და ისიც დამონტაჟებულს, მხოლოდ იმას, რაც მათ აწყობდათ.
რეალურად კი სურათი ასეთია: კომპანია „ვიპტრეიდი“-ს ანგარიშზე თანხების მოძრაობასთან არც მე და არც ჩემს შვილებს არასოდეს არანაირი კავშირი არ გვქონია, ამის დადგენა უმარტივესად არის შესაძლებელი - კომპანიაში თანხების განკარგვა და მოძრაობა ხდება მხოლოდ გადარიცხვებით - საბანკო ტრანზაქციებით, ყველა დოკუმენტი არის ელექტრონული და მისი მოპოვება დაინტერესების შემთხვევაში უმარტივესად არის შესაძლებელი.
3 ივლისის სიუჟეტში სიმართლეა მხოლოდ ერთი რამ - ის, რომ ჩემი შვილები 2018 წლიდან 2019 წლამდე, ერთი წლის და რამდენიმე თვის მანძილზე იყვნენ ამ კომპანიის მეწილეები. მიუხედავად ამისა, მათ არც ერთი ლარის სარგებელი არ უნახავთ. 2019 წელს, თავისი წილის, პირველივე დღიდან ამ კომპანიის მფლობელის, მმართველის და თანხების განმკარგველის, ჩაჩი გასოიანისთვის დათმობის შემდეგ კი 300 000 დოლარის ოდენობის ზარალი განიცადეს. ამის შესახებ საბუღალტრო დოკუმენტები ოფიციალურია და ხელმისაწვდომი, თუმცა მელაძემ და მისმა ეგრედწოდებულმა ჟურნალისტებმა გვერდი აუარეს ამ საკითხს, მიზანი კი არის ისევ ჩემი, როგორც დეპუტატის და პარტია „ქართული ოცნების“ წევრის დისკრედიტაცია.
საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ „ტვ პირველის“ რეალური მფლობელები არიან პარტია „ლელო“- ს დამფუძნებლები და პარლამენტის წევრები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. პარტია „ლელო“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ბუაძემ სხვადასხვა ინტერვიუში არაერთხელ განაცხადა, რომ თითქოს მე მევახშეობის გზით მოქალაქეებს, გვარიც კი დაასახელა, ვინმე ნანობაშვილს ჩამოვართვი საცხოვრებელი ფართი, რაც ცხადია, ცალსახა ტყუილი და ცილისწამებაა. არანაირი კავშირი სესხების გაცემასთან და ვინმე ნანობაშვილთან არასოდეს მქონია, არანაირი ფართი ასეთი გზით არ მიმიღია და არც გამაჩნია, მაშინ როდესაც ხაზარაძე - ჯაფარიძემ თავიანთი ბიზნესით, მხოლოდ სამი წლის განმავლობაში მოქალაქეებს ჩამოართვა 3 000 მეტი საცხოვრებელი და კომერციული ფართი. მიუხედავად ამისა, ამასთან დაკავშირებით „ტვ პირველს“ არც ერთი სიუჟეტი არ გაუკეთებია", – აცხადებს ისკო დასენი.