5-07-2021
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარე წელს წარმატებით გაიარა აუდიტი საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში და ქვეყანაში კვალიფიციური სანდო მომსახურების გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა.
აღნიშნული მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს რეგულაციებით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2018 წლიდან ადმინისტრაციულ ორგანოებს, მოქალაქეებსა და ბიზნესს სანდო კვალიფიციურ ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს.
კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებას და დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას. მათი გამოყენება ელექტრონულ დოკუმენტზე მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება.
დამატებითი ინფორმაცია - კანონის შესაბამისად, თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას აირჩევს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას საჭიროებს, სავალდებულოა ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ადასტურებს ხელმომწერის ვინაობას და უზრუნველყოფს ხელმოწერილი დოკუმენტის მანიპულაციისაგან დაცვას – შეუძლებელია მასში რაიმე ცვლილების შეუმჩნევლად შეტანა.