5-07-2021
"მოგეხსენებათ, სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო, გააკეთა ყველაფერი - მათ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს გარკვეული ღონისძიება, გუშინაც და გუშინ წინაც იყვნენ შეკრებილები ლისის ტბაზე, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, თუ რატომ, ამას განვმარტავ - დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. მისივე განცხადებით, მარშის ორგანიზატორებს განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა.
„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ, მოგეხსენებათ. ამავდროულად, გახსოვთ ალბათ, ჩემივე ინიციატივით, 6 წლის წინ გამოვედით ინიციატივით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა და ჩაწერა, რა ჩვენმა გუნდმა, "ქართულმა ოცნებამ" განახორციელა მოგვიანებით, ამით ეს საკითხი დარეგულირდა. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი სადაც თანაცხოვრების არა ერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენში, ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადამიანი არ ჰქონია პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ რაღაც გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა და ჩვენ ამას ვღებულობთ, როგორც მოცემულობას და გვესმის მათი ეს სურვილები, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამისთვის, მოგეხსენებათ, სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო, გააკეთა ყველაფერი, მათ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს გარკვეული ღონისძიება, გუშინაც და გუშინ წინაც იყვნენ შეკრებილები ლისის ტბაზე, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. თუ რატომ, ამას განვმარტავ - დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე, ეს ერთი. მეორე - შსს არის მუდმივ კონტაქტზე ე.წ. „პრაიდის" ორგანიზატორებთან, ამ მარშის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მინდა, მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, კერძოდ პოლიციის მიერ რისკების შეფასება და ზოგადად საფრთხეების შეფასება უნდა იქნას მხედველობაში მიღებული და ალტერნატივად აარჩიონ სხვა ლოკაცია,"- აღნიშნა პრემიერმა.