5-07-2021
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობისა და დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება. ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციის დასწრების მნიშვნელობა, რაც მეტ დადებით იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის მეგობრულ ურთიერთობებს.
ამასთან, იაპონიის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, თავის მხრივ იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო ურთიერთქმედების გაგრძელებაზე, როგორც ორმხრივი, ასვე მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან მიმართებაში.