7-07-2021
რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ეს კვირეული და ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციამ მართა სიტუაცია. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციამ ერთმანეთს გაარიდა ორი ჯგუფი და ღონისძიება ჩატარდა. ასევე დღესაც ვნახეთ, რომ ეფექტიანად იმოქმედა პოლიციამ. როდესაც იგეგემება ღონისძიება, რისკები არის ცხადად აღქმული და პოლიციას აქვს ინსტრუმენტები, რომ უზრუნველყოს მართლწესრიგის დაცვა, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება გუშინ დილით განვითარებულ მოვლენებს, მისი თქმით, საღამოს იყო დაანონსებული ღონისძიება, მათ შორის ე.წ. კონტრაქციაც საღამოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დილით სპონტანურად მოხდა ამ აგრესიის გამოვლენა.
„არ მახსენდება თუ ოდესმე მომხდარა ასეთი მასობრივი ძალადობა გამიზნულად ჟურნალისტების მიმართ. ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია ყველანაირად. სპონტანური იყო ეს ძალადობა და მოულოდნელი იყო პოლიციისთვისაც, რადგან ეს რამდენიმე ლოკაციაზე ხდებოდა. ამ ყველაფერს შსს აანალიზებს და წარმოადგენს საკუთარ ანალიზს, როგორ მიმდინარეობდა გუშინდელი დღე. დილით შეიკრიბნენ ერთი აქციის მონაწილეები და იქ არაფერი მოასწავებდა, რომ შეიძლებოდა აგრესია ყოფილიყო, არ იყო ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების რაიმე საფრთხე. ჩვენ ვნახეთ გუშინდელი კადრები, პოლიცია როგორ გმირულად იბრძოდა, რომ გაერიდებინა ჟურნალისტები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.