გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის შემუშავების მიზნით ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

8-07-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობს.

ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელთან ტიბორ დრასკოვიჩთან, განათლების წამყვან ექსპერტთან იანნა პუკკასთან და პოლიტიკის დაგეგმვის ექსპერტ მარკ ვან დენ მუიზენბერგთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ექსპერტებს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის შექმნის პროცესში ჩართულობისათვის, თანამშრომლობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარებისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ყველა საფეხურზე კონცეპტუალური რეფორმები მიმდინარეობს. ამ პროცესზე კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა იქონია, გაჩნდა გამოწვევები, რომლებმაც ახალი შესაძლებლობები დაბადა. სწორედ ამ პერიოდში სასწავლო პროცესში აქტიურად დაინერგა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, შეიქმნა ისეთი პროდუქტები, რომლებიც განათლების სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა, მაგალითად, პროექტი „ტელესკოლა“ და უამრავი დამხმარე ელექტრონული რესურსი. მინისტრის თქმით, ამ პროცესში საქართველოს განათლების სისტემას საერთაშორისო პარტნიორებმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ის საკვანძო საკითხები განიხილეს, რომლებიც წარმატებული ზოგადი განათლების სისტემის საფუძველს წარმოადგენს, მათ შორის, კვალიფიციური მასწავლებელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმძღვანელოები და გამართული ინფრასტრუქტურა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ 2022-2032 წლების განათლების სტრატეგია სწორედ ამ კომპონენტების გაძლიერებასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მინისტრი საჯარო სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის პროცესსაც შეეხო, რომელიც სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიას გააუმჯობესებს და ახალგაზრდებს XXI საუკუნის შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის გადასადგმელი ნაბიჯებიც განიხილეს, ისაუბრეს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებს მისცემს შესაძლებლობას, დაგეგმონ სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ლაბორატორიების მოდერნიზაცია, დააფინანსონ სამეცნიერო კვლევები და დახვეწონ პროფესორთა ანაზღაურების პოლიტიკა.

მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნის მთავარ მეგა-პროექტზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაზეც ისაუბრეს, რომელიც განათლების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მიხეილ ჩხენკელმა იმ მიდგომების შესახებ ისაუბრა, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას განაპირობებს. კერძოდ, აკადემიური პროგრამები კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იქმნება. უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში კი ქართველებთან ერთად ჩართული არიან უცხოელი პროფესორები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი დაარსდება, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის კვლევები წარიმართება. ქართველ სპეციალისტებთან ერთად ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვის სურვილი უკვე არაერთმა უცხოელმა მეცნიერმა გამოთქვა. ეს პროცესი ორი ციკლოტრონის შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, ხოლო მეორე სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტს სრულად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

აღსანიშნავია, რომ 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების გამჭვირვალობის მიზნით, ჩამოყალიბებულია უწყებათშორისი საბჭო, შიდაუწყებრივი კომისია, დარგობრივი სამუშაო ჯგუფები, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია განათლების სისტემაში ჩართულ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან. პირველადი ვერსიის შემუშავების შემდეგ დოკუმენტის პროექტი გასაჯაროვდება და მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება თუ შენიშვნა. ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი 2021 წელს დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930