8-07-2021
მიმდინარე წლის 5-6 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის გაიმართა სემინარი, სადაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა, პერსპექტივები და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.
სემინარი, რომელსაც 35 ვეტერანი ესწრებოდა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გახსნეს.
თავის გამოსვლაში თამარა წულეისკირმა აღნიშნა, რომ საინფორმაციო ცენტრის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფა. თამარა წულეისკირმა განსაკუთრებით აღნიშნა ცენტრის ძალისხმევა, რომ ყველა ახალი სამიზნე ჯგუფი გახდეს მნიშვნელოვანი მოკავშირე საზოგადოებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მედეგობის გაძლიერების პროცესში.
კობა კობალაძემ, სემინარის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ასეთი შეხვედრების მნიშვნელობას. '' ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და საინფორმაციო ომი არის ერთ-ერთი, ძირითადი იარაღი, რომლითაც შეიძლება, ზიანი მიადგეს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის ინფორმაციული სემინარები, რისთვისაც, ორგანიზატორებს დიდ მადლობას ვუხდი'',_ აღნიშნა კობა კობალაძემ.
ორდღიანი სემინარის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა, მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირის დახმარების პროექტებისა და ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებლის შესახებ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ნათია გვენეტაძემ კი, ნატო-ს მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ევროკავშირის ისტორიული განვითარება, მისი ინსტიტუციონალური მოწყობა და ევროკავშირის დღევანდელი გამოწვევები განიხილა მსმენელებთან ფონდი -"ღია საზოგადოების" სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორმა, ვანო ჩხიკვაძემ. ხოლო ანტიდასავლური პროპაგანდა, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები, ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის გზავნილები იყო მთავარი განსახილველი საკითხები „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით ძიძიშვილის გამოსვლაში.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ცენტრი აღნიშნული პროექტის ფარგლებში აქტიურად განაგრძობს სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მაქსიმალურად ინფორმირებასა და ჩართვას დასავლური ინტეგრაციის პროცესებში.