გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის მთავრობის სხდომაზე ქედის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინეს

9-07-2021

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 16 792 400 ლარი შეადგინა. გარდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა, ქედაში სტრატეგიული პროექტები განხორციელდება საქართველოს და აჭარის მთავრობის დაფინანსებით.

მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქედის მუნიციპალიტეტის სწორი, სისტემური განვითარება.

,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც გულისხმობს დაგეგმილი პროექტების განხორციელებას თითოეული ქედელისთვის.

გავზარდეთ ბაღის თანამშრომლების ხელფასი ქედაში. ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალიტეტში, გაიზრდება ხელფასები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თამბაქოს დარგი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის თამბაქოს დარგის ხელშეწყობა არის პრიორიტეტი. ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა საკანონმდებლო დონეზე, მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს დარგი და უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ გლეხებს და ფერმერებს.

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ფარგლებში დაახლოებით 60-ზე მეტ მეწარმეს კონკრეტული ფინანსური გრანტებით, საშუალება მივეცით დაეწყო ან განევითარებინა ბიზნესი და ინტენსიური გამხდარიყო მათი ფერმერული მეურნეობა.

ჯამში, აჭარაში, ფერმერთა მხარდაჭერის ფარგლებში 250-ზე მეტი ბენეფიციარი შევარჩიეთ და 60-ზე მეტი სწორედ ქედაში დაფინანსდა. აქ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 500-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ქედაში მიმდინარეობს გაზიფიცირების და წყლის სისტემების მასშტაბური პროექტები. ასევე, განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქედის ცენტრის რეაბილიტაცია.

ქედაში მზარდია ახალი ტურისტული, ინოვაციური პროექტების რაოდენობა, რომელიც სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის ეფექტიანი კომუნიკაციის შედეგია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით აფინანსებს დანადგარების შეძენას 100 000 ლარის ფარგლებში. მიმდინარე წელს ღვინის ლაბორატორია ამოქმედდება. სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე ამოქმედდა მშრალი ხილის საწარმო სოფელ ძენწმანში, რომელიც 100 000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 40 ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული. შენდება რამდენიმე საწარმო, მათ შორის ფრი-ს საწარმო და სპირტის საწარმო.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისთვის 10 616 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს განახორციელებს.

აჭარის წყლის ალიანსის მიერ განხორციელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქედის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების მოსაწყობად 5 664 809 ევრო დაიხარჯება.

ქედაში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალბინიანი საცხოვრებელი სოციალური სახლი. მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. დაბის ქუჩების კეთილმოწყობისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დონორი ორგანიზაცია CENN-ის ჩართულობით, ქედის ყველა საჯარო სკოლაში მზის პანელები დამონტაჟდება. მიმდინარეობს დაბა ქედის სკოლის რეაბილიტაცია, ასევე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რისთვისაც 1 444 441 ლარი დაიხარჯება.

დაგეგმილია 6 სპორტული მოედნის მშენებლობა - რეაბილიტაცია, რისთვისაც 443 690 ლარი დაიხარჯება.

სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე მოეწყობა ზაზა ხალვაშის სახელობის კინოჩვენების სივრცე. დაბა ქედაში განხორციელდება ისტორიული მუზეუმის მშენებლობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930