11-07-2021
ტელეკომპანია "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას პარტია — „პროგრესი და თავისუფლება“-ს ერთ-ერთი ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ეხმაურება:
"პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მასმედიის თითოეულ წარმომადგენელს.
შექმნილ ვითარებაში, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა საკმარისი არ არის, რადგან ერთ არაკომპეტენტურ ადამიანს მეორე ჩაანაცვლებს, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა კი მაინც გაგრძელდება. დღეს ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი და არა პრემიერი, ან მინისტრები - ისინი მხოლოდ ბატონი ივანიშვილის დარგობრივი პრესსპიკერები არიან.
ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ივნისიდან ვითხოვ მთავრობის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, რადგან ივნისის ცნობილი მოვლენების დროს დაწყებული კრიზისი გრძელდება და დღითი-დღე უფრო მწვავდება.
კიდევ ერთხელ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის ბოლო კვირას და არა თვის დასაწყისში, რათა ოპოზიციურად განწყობილ ძალებს მიეცეთ სათანადოდ მომზადების საშუალება!" - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.