12-07-2021
„დიახაც, პარლამენტი არის ადგილი, სადაც მინისტრი მოვა და გაცემს ყველა კითხვაზე პასუხს, მე ვთვლი, რომ მხოლოდ კომიტეტის ჩატარება საკმარისი არ იქნება და გთავაზობთ, ვიმსჯელოთ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომ ერთი რიგგარეშე სესია ჩატარდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ მოვუსმენთ მინისტრს და ყველას, ვისაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე TV პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
კახა კუჭავას განცხადებით, აუცილებელია ყველა დანაშაულზე მკაცრი პასუხის გაცემა, თუ მშვიდობიანი და უსაფრთხო ქვეყნის აშენება გვსურს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. მისი შეფასებით, ეს არის 5 ივლისს დაწყებული მოვლენების სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება. კახა კუჭავამ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, პარლამენტი სიმართლის დადგენაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
„ არ შეიძლება ემოციების გარეშე ისაუბრო, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. მე ძალიან კარგად მესმის ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის, ჩვენ დეპუტატები ვართ, ვხედავთ, თუ რამხელა სიყვარული და მეგობრობაა მათ შორის და რამდენად ტრაგიკულ მდგომარეობაშია ფაქტობრივად, ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, თავიანთი მეგობრის დაღუპვით. ვიზიარებ მათ მწუხარებას, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, მეგობრების მწუხარებას და ვუსამძიმრებ მათ. ეს არის ის სამწუხარო ამბავი, რომელმაც აღაშფოთა ყველა. ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის, პარლამენტსაც მოუწევს, ჩაერთოს აქტიურად იმაში, რომ რეალურად, დადგინდეს ყველა მიზეზი. არ არის საუბარი მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, საუბარია ექსპერტიზაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს, აუცილებელია, ჩაერთოს ყველა საერთაშორისო ექსპერტიც, თუ ამის საჭიროება იქნება და როგორც ვხედავთ, ამის საჭიროება იქნება იმისთვის, რომ ნდობა იყოს რეალური, შედეგები გახდეს ცნობილი ყველასთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უმრავლესობამ, ასევე, ოპოზიციამ ყველა ის ბერკეტი გამოიყენოს პარლამენტში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივადევნოთ თვალყური, რომ დადგინდეს სიმართლე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტი ერთია, რომ არ უნდა გაჩნდეს არანაირი კითხვის ნიშანი, არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, რომლებიც დღეს არსებობს და ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს. ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და ვახსენეთ კიდეც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწევს გამეორება იმ შავი ლაქისა, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით, რაც ჩვენ ვიხილეთ - ძალადობა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერი არის კამერაზე ასახული, ვერავინ ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას, აუცილებელია, რომ სრულად მოხდეს ყველას იდენტიფიცირება და მათი მკაცრად დასჯა, რომ მსგავსი რამ მეორედ აღარც მოუვიდეს თავში აზრად, არავის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს, ერი, ბერი - ყველა თანასწორია კანონის წინაშე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვისმენდით წახალისებებსაც კი, ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება და პასუხების გაცემა, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმალური უნდა გაკეთდეს და ამის სრული ბერკეტები გაგვაჩნია ჩვენ აქ, ყველას, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ",- განაცხადა კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე.