12-07-2021
"მოსახლეობას ფსიქოზამდე მიიყვანენ. ამ ოპოზიციის პირობებში, ამ წლების მანძილზე, ერთი კვირა არ გვიცხოვრია მშვიდად. კიევიდან ისევ მიწოლაზე საუბრობს. ელოდებით, ალბათ, რომ მთელი ხალხი დადგეს ფეხზე და გითხრათ - არა რადიკალიზმს, არა წარსულს!’’ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.
მისი თქმით, პატარა პარტიებისათვის, ამ პროცესში რადიკალიზმის მხარეს დგომა მათთვის არ იქნება მომგებიანი.
,,ახალ ან პატარა პარტიებს, გასუსულები ან ჩასაფრებულები რომ ხართ მასე არ გამოვა. დღეს რადიკალიზმის მხარეს დგომა, არ იქნება თქვენთვის მომგებიანი. საზოგადოებაში სხვებიც გამოჩნდებიან, ვისაც პოლიტიკოსობა შეუძლია. რისთვის იღებთ ბიუჯეტის დაფინანსებას? ჟურნალისტებო დაუბრუნდით სტუდიებს. ცხოვრებაში არ გღირსებიათ ასეთი სიტყვის თავისუფლება და არც გეღირსებათ, თუ არ გაუფრთხილდებით მაშინ პოლიტიკაში წადით. რაც მოხდა 5 ივლისს, დაგმო ყველა საღად მოაზროვნემ. ვინც 5 ივლისს ჟურნალისტებზე იძალადეთ, გრძნობთ პასუხისმგებლობას მომხდარზე? გაწყობდათ ვითარების ასე განვითარება? მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს ქვეყნის, ეკონომიკის, ადამიანთა ფსიქიკის რყევები“ - წერს სალუქვაძე.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მოსახლობას „ქართული ოცნების“ შემდეგ, სურს არა ყოფილი ხელისუფლება, არამედ არსებულზე უკეთესი მთავრობა.
მისივე თქმით, დღეს განვითარებული პროცესები თავდაყირა აყენებს 19 აპრილის შეთანხმებას.
,,მოსახლეობას ქართული ოცნების შემდეგ სურს არა ყოფილი ხელისუფლება და წარსული, რომელსაც არ შესწევს განახლების და ძველი დანაშაულების გააზრების უნარი, არამედ სურს არსებულზე უკეთესი მთავრობა. უკეთესი ძალები არსებული ოპოზიციიდან ვერ გამოიძერწება, თუ ვერ მოახერხებენ ფანჩატურიდან და გავლენებიდან გამოსვლას. დღეს განვითარებული პროცესები თავდაყირა აყენებს 19 აპრილის შეთანხმებას. ევროპამ გასაგებად თქვა, რომ მათი მეშვეობით ე.წ. ფასილიტაციას აღარ ექნება ადგილი. ყველა, ვინც პოსტებს და კომენტარებს წერთ, კარგად დაფიქრდით, ნორმალური პოლიტიკური პროცესისკენ მოუწოდებთ, თუ რადიკალიზაციისკენ. შეურაცყოფები, იარლიყები, მივარდნები, სპეკულაციები, ძიძგილაობები ცხოვრების წესად იქცა. ეკლესიაზე შეტევამ პიკს მიაღწია. პოლიტიკოსებო, თქვენ დაამთავრეთ ეს მავნე დღის წესრიგი. ნუ ცდით მოსახლეობის სიმშვიდეს, ნუ არყევთ ქვეყანას!’’ - წერს ამირან სალუქვაძე facebook- ზე.