15-07-2021
პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტმა, 10 ხმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა მხოლოდ კომიტეტის 4-მა წევრმა.
კომიტეტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, 10 ხმით, გია ცაცაშვილის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე 10 ხმით, მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობზე გია ცაცაშვილთან ერთად წარმოდგენილი იყო ლელა ტალიურის, კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო მაია ზარიძესთან ერთად წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო ერთი წევრი წინააღმდეგი იყო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით კანდიდატურების მოსმენის პროცესი საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები.
„დაისვა არაერთი შეკითხვა კანდიდატურების საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ ხედვებთან დაკავშირებით და კომიტეტმა მხარი დაუჭირა შესაბამის კანდიდატურებს. ეს საკითხი უკვე განიხილება პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრაზე დადგებიან ასევე ის კანდიდატურებიც, ვისაც კომიტეტის მხრიდან რეკომენდაცია არ გაეწია", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.