16-07-2021
„ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციას დეგუსტაციების, შესაბამისი დისტანციური ფორმატებისა და ონლაინ-სავაჭრო პლატფორმების გამოყენებით აქტიურად გააგრძელებს", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის ,,Marq Energie Consulting'' ხელმძღვანელთან, ჯული პეტერსონთან შეხედრაზე.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting'' ხელმძღვანელი ქართველ მწარმოებლებსაც შეხვდა და ამერიკის შეერთებული შტატების ღვინის ბაზრის კონიუნქტურა გააცნო. ჯული პეტერსონის წარმოდგენილი პრეზენტაცია ქართველ მწარმოებლებს აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის განხორციელების სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ქართული ღვინის აშშ-ში ექსპორტის ხელშეწყობის სამომავლო სტრატეგია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. ბოლო 6 წელია, ექსპორტის ყოველწლიური ზრდა ფიქსირდება, 2020 წელს კი, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტმა უპრეცედენტო რაოდენობას - 1 მლნ ბოთლს მიაღწია. მზარდი დინამიკა შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.