18-07-2021
ჩვენი პოლიციელები არიან მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილები. მათ აქვთ სათანადო წვრთნა და გამოცდილება რომ მსგავს სიტუაციებში იმოქმედონ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 5 ივლისის ღონისძიება იყო სპონტანური, დაუგეგმავი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 5 ივლისს უწყებას პროაქტიულად, კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირება მოუწია. „ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს ჩვენ ნანახი, როდესაც პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმით ჩაატარა სხვადასხვა ტიპის აქტივობები და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მოწინააღმდეგე ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ძალიან დიდი მოლოდინი იყო, ჩვენ იმგვარად დავასრულეთ ოპერაცია, რომ არანაირ დაზიანება-დაშავებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენი პოლიციელები არიან მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილები. მათ აქვთ სათანადო წვრთნა და გამოცდილება, რომ მსგავს სიტუაციებში იმოქმედონ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 5 ივლისის ღონისძიება იყო სპონტანური, დაუგეგმავი და ჩვენ მოგვიწია პროაქტიულად, კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირება. ეს, ბუნებრივია, განსხვავდება, როდესაც წინასწარ სტრატეგიულად გათვლილი გაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირება, სად უნდა მოხდეს კონკრეტული ძალების მობილიზება და შესაბამისი საქმიანობის განხორციელება“, -განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.