28-12-2017
რა იყო დღევანდელი ავლაბრის ადგილას მანამ, სანამ ის დედაქალაქს შემოუერთდებოდა, საიდან მოდის სახელწოდება „ხოჯე-ვანქი“, როდის ჩამოასახლეს ამ სოფელში წოდორეთელი გლეხები, ხოლო მოგვიანებით სომხები და მაჰმადიანები, ამის შესახებ ჩვენს წინამდებარე ნარკვევში:
ავლაბარი მდებარეობდა ძველი თბილისის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ავლაბარს ქალაქის შემოგარეონში მდებარე სოფელთა, თუ უბანთა შორის,თავისი ისტორიით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მკვლევართა უმრავლესობა ავლაბარს აიგივებს ისან-მეტეხთან, რაც სწორი არ უნდა იყოს.
ისან-მეტეხი იმ უბანთა რიცხვს განეკუთვნება, რომლის შესახებაც ქართულ, თუ უცხო ენაზე შექმნილ სპეციალურ ლიტერატურაში ბევრი რამ თქმულა და დაწერილა. ზოგი ავტორი თავის ნაშრომში გაკვრით იხსენიებს აღნიშნულ უბანს, ზოგი - შეძლებისდაგვარად ამომწურავად. მათი ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო ამ უბნის სახელის სადაურობის ახსნისაკენ. შუა საუკუნეების მაჰმადიანი ავტორების გადმოცემით, ისნამდე ადგილს სოღდებილი ერქვა. სახელწოდების გაჩენას მიაწერენ სპარსეთის მეფე ხორსო I ანუშირვანის (531-578), რომელსაც გადმოცემით, აქ ჩამოუსახლებია სპარსული მოდგმის სოღდის ტომი. ამ ტერიტორიასაც ამიტომ დაერქვაო სოღდებილი. ეს გადმოცემა რამდენად შეეფარდება სინამდვილეს, ცნობილი არაა, ერთი კი ცხადია: სოღდებილის პირველი გამმაგრებლები სპარსელები იყვნენ. არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ „სოღდებილი“ ნაწარმოებია სიტყვა „საგოდებელიდან“, სასაფლაოდან, რომელიც IX საუკუნეში ავლაბარში ყოფილა. იონაე საბანის ძის ნაწარმოებიდან - „მარტვილობაი ჰაბო ტფილელისაი“ - ვგებულობთ, რომ მაჰმადიან აბოს წამების წინ თურმე ქალაქი შემოატარეს და შემდეგ მოიყვანეს „კარსა მას მსაჯულისა მის ამირასასა“. აქ იმართება დიალოგი მსაჯულსა და აბოს შორის. აბო ქრისტეს რჯულს არ სტოვებს, ამიტომ ამირას ბრძანებით მას თავს კვეთენ; შემდეგ აბოს ცხედარს ურემზე ასვენებენ და მიაქვთ „გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაი... რომელ არს აღმოსავლით ციხესა მას ქალაქისასა, რომელსა ჰქვიან სადილეგო, პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდე, კლდე მდინარისა მის დიდისაი, რომელი განჰვლის აღმოსავლით ქალაქსა, ესე არს სახელით მტკუარი“. ეს მომხდარა 785 წელს. მაშასადამე, აბო თბილელის ცხედარი გაუტანიათ მტკვრის გაღმა, ქალაქის გარეთ, ქალაქის სასაფლაოზე, რომესაც „საგოდებელი“ ეწოდებოდა და რომელიც ქალაქის საპყრობილეს - სადილეგოს აღმოსავლეთით იყო. ქალაქი კი მდინარის დასავლეთით, მარჯვენა ნაპირზე იყო გაშენებული. VIII საუკუნიდან თბილისში ზის ამირა, რომელიც ერთდროულად უმაღლესი მსაჯული, ჯარების უფროსი და ქვეყნის მმართველია. ქართლის ერისთავი კი ამირას ემორჩილება. დაპყრობილი ქვეყნებიდან აკრეფილი ხარჯი შედიოდა ხალიფას სალაროში, მაგრამ არაბთა ახალ-ახალ დაპყრობებს და სახალიფოს ტერიტორიის ზრდას თან სდევდა თვით ხალიფას ხელისუფლების დასუსტება. თითოეული დაპყრობილი ქვეყნის არაბი გამგებელი დამოუკიდებლობა ესწრაფვოდა, აკრეფილ ხარკს ხალიფას ან სულ არ უგზავნიდა, ანდა უმცირებდა, რასაც თავისთავად დამსჯელი ექსპედიციები მოსდევდა. ასე მოიქცა IX საუკუნეში ქართლის ამირა საჰაკ (ისაკი) ისმაილის ძე, რომელმაც ხალიფას ხარჯის ძლევა სულ შეუწყვიტა და ფაქტიურად აღარც ემორჩილებოდა. ხალიფამაც არ დააყოვნა და 853 წელს თბილისის აღმოსავლეთიდან მოადგა დამსჯელი ექსპედიცია ბუღა-თურქის მეთაურობით. ლაშქრობის მიზანი იყო გაურჩებული ქართლის ამირას, ისაკის მოთვინიერება და დასჯა. არაბ ისტორიკოსებთან ამ ამბავთან დაკავშირებით ნახსენებია მტკვრის მარცხენა ნაპირზე არსებული „სოღდებილის მედინა“, ე.ი. გამაგრებული ციხე „სოღდებილის“ სახელწოდებით. თბილისში ბუღა-თურქის ეს ლაშქრობა საყოველთაოდაა ცნობილი. მან დაანგრია თბილისი, შემუსრა მისი ციხე-კოშკები და ამირაც სიკვდილით დასაჯა. „სოღდებილის მედინა“ ამ ლაშქრობამ იმსხვერპლა. ამის შემდეგ მალე, იმავე IX საუკუნეში „სოღდებილის“ ციხის ადგილზე ვხვდებით ახალ სიმაგრეს ისნის სახელწოდებით, რომელიც სოღდებილთან შედარებით უფრო მაგარი ნაგებობაა და თან თხრილითაცაა გამაგრებული. ამ დროს იგი უკვე ქალაქის ნაწილი უნდა იყოს. აღნიშნული თხრილის შესახებ, არაბი ისტორიკოსების გარდა, არსად არაფერია ნათქვამი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ვახუშტის „თბილისის 1735 წლის გეგმას“, სადაც მას ავლაბრის სამხრეთით აღნიშნული აქვს თხრილი. რუს კარტოგრაფებსაც თბილისის 1800 და 1802 წლების გეგმებზე დატანილი აქვთ წარწერა „ყოფილი ძველი არხი“. როგორც უკვე ვთქვით, თბილისის კართა სახელებს პირველად გვაწვდის არაბი ისტორიკოსი ტაბარი. შ. მესხია მის მიერ ჩამოთვლილ ხუთ კარს შემდეგნაირად მიუჩენს ადგილს: „მოედნის კარი“ ციხის მოედანს (თათრის მოედანს) აკავშირებდა ძველ თბილისთან, „კარის კარი“ სამხრეთ კედელში იყო დატანებული, „რაბადის“ ანუ „ციხის კარი“ ციხეს აკავშირებდა ქალაქთან - რაბადთან, „სოღდებილის კარი“ კი სოღდებილს (შემდეგდროინდელ ავლაბარს) ძველ თბილისთან. X საუკუნეში ქალაქი უკვე მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული. ალ-მუკადასი (985წ.) ქალაქის აღწერისას ამბობს: „თბილისი გორებს შორის არის გამაგრებული. მას მდინარე მტკვარი გადაკვეთს. იგი გადაჭიმულია ორივე ნაპირზე და ხიდითაა შეერთებული“. „ისანი“ ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში პირველად XI საუკუნეში გვხვდება. 1045 წელს, როცა ქალაქის ბერების მოწვევით თბილისში ბაგრატ IV შემოვიდა, დაიპყრო მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქის დამცველი ციხე-კოშკები და შიგ თავისი მხედრიონი ჩააყენა, „ისნის“ ციხე მას არ დანებდა. მემატიანე მოგვითხრობს: „ხოლო ისნელთა ჩააგდეს ხიდი და არა მისცეს ისნი“. მიუხედავად ამისა, მეფე მტკვარზე გადავიდა და დადგა „ისნის ველსა“. ისნელებმა მაშინ მეფეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდგომ ხანაში „ისანში“ უკვე საქართველოს მეფეთა სასახლე დგას. სწორედ აქ გაიგო თამარ მეფემ მამის, გიორგი III გარდაცვალების ამბავი: „ესერა ესევითარი საგოდი ...ესმა ...თამარს ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანს“. მანამდე ქართულ წერილობით წყაროებში ასევე მინიშნებით და კონკრეტულად, რომ „ისანი“ ქალაქ თბილისშია, არსად არა გვხვდება. ქართველ მემატიანესთან „ისანს“ კიდევ რამდენჯერმე ვხვდებით. „ჟამთააღმწერელი“ გადმოგვცემს, რომ მეფე დიმიტრი თავდადებულს ისანში მეტეხის ღვთისმშობლის სახელზე აუგია ეკლესია: „მეფემან დაიწყო სიბასა წარსვლად, და აღაშენნა ქუეყანანი მოოხრებულნი. ამანვე აღნიშნა პალატსა შინა მონასტერი, ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობელისა, და შეამკო განგებითა დიდითა, და შესწირნა სოფელნი და ზუარნი“. ეს მომხდარა XIII საუკუნის 80-იან წლებში, ყაენის კარზე წასვლის წინ. ამიერიდან „ისანს“ უჩნდება მეორე სახელი „მეტეხი“, რომელიც სულ მალე ადგილის საკუთარ სახელად იქცა. მომდევნო ხანაში „ისნის ციხის“ მაგივრადაც წერილობით წყაროებში უკვე „მეტეხის ციხე“ იხსენიება. მაშასადამე, VIII საუკუნეში მტკვრის მარცხენა ნაპირზე ყოფილა ქალაქის საპყრობილე - სადილეგო. IX საუკუნეში იგი ქალაქის ამირას მიერ გადაკეთდა „სოღდებილის მედინად“ ანუ ციხედ, რომელიც გარნიზონის სადგომის - ამსარის როლს ასრულებდა. ამავე საუკუნეში „სოღდებილის მედინა“ ხელმეორედ გადაკეთდა, აშენდა ქვითკირით, შემოავლეს თხრილი და სახელად „ისანი“ - არაბულად ციხე - უწოდეს. ბოლოს კი, ისანში „მეტეხის“ ღვთისმშობლის სახელობაზე ეკლესიის აგების შემდეგ, ამ ადგილმა ბოლო დრომდე მეტეხის სახელი დაიმკვიდრა. ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის ამ ნაწილს მაინც „ისნად“ მოიხსენიებს: „ისნს არს, კიდესა მტკუარისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი, ღვთისმშობლისა...“ ვახუშტი ბაგრატიონი საიმდროისო ქალაქ თბილისის შემადგენელ უბანთა ძველ სახელებს ახალ სახელებს უსადაგებს და წერს: „ხოლო აწ უწოდებენ ოთხთავ ქალაქთა აქ თბილისს და განყოფით: კალას - ტფილისსა, ტფილისს - სეიდაბადს და ისნს - ავლაბარს, და გარეთ-უბანი არს ტფილისისა“, ე.ი. „ისანი“ ავლაბარია, რაც სწორი არ უნდა იყოს. ასეთი აზრის გამოთქმის უფლებას გვაძლევს თვით ავლაბრის ეტიმოლოგია და XVII-XVIII საუკუნეების თბილისის გრაფიკული გამოსახულებანი. ძველი თბილისის პირველი გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის მოგზაურისა და მისიონერის ჟან შარდენის (1671წ.) ნახატი. აღნიშნულ ნახატზე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გაშენებულ ქალაქს გალავანი აკრავს, მარცხენა ნაპირზე კი გალავანი მხოლოდ მეტეხის ეკლესიას და მის მიმდებარე მცირე ტერიტორიას აქვს. ნახატზე მეტეხის გალავანში ეკლესიის გარდა რამდენიმე ნაგებობა დგას. გალავანს ჩრდილო-დასავლეთით კარი აქვს დატანებული. ამ მხარეს გალავანის კედელი გრძელდება და მტკვრამდე აღწევს. აღნიშნულ კედელში კარია გაჭრილი, რომლიდანაც იწყებოდა „ავჭალის გზა“. მოგზაურს მიზნად ჰქონია მხოლოდ გალავანშემოვლებული ქალაქის ჩახატვა. ხოლო ის, რაც აღნიშნული ზღუდის იქით იყო, მას ნაკლებად აინტერესებდა, თუმცა გალავნის გარეთ რამდენიმე ნაგებობაც დაუტანია. ტურნეფორის მიერ შესრულებული (1701წ.) თბილისის გრაფიკულ გამოსახულებაზეც მხოლოდ გალავანშემოვლებული ქალაქია წარმოდგენილი. ჟან შარდენისეული ნახატისაგან განსხვავებით, აქ ქალაქის გალავნის იქითა ტერიტორია მტკვრის ორივე ნაპირზე უფრო მჭიდროდაა დასახლებული. თუმცაღა ქალაქის გარეუბნების მთლიან სურათს არც ეს ნახატი იძლევა. ვახუშტი ბატონიშვილის „თბილისის 1735 წლის გეგმაზე“ დატანილი აქვს როგორც გალავანმოვლებული ქალაქი, ასევე მისი მომიჯნავე გარეუბნებიც. აქ მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ციხის გალავანში დგას მეტეხის ეკლესია. ჩრდილოეთის მხრიდან საერთო ტერიტორიისგან გამოყოფილია ზღუდის-ზღუდით. ციხის მიმდებარე ტერიტორია კი - „ავლაბარი, ისანი“ - შემოუზღუდავია. ავლაბრის ტერიტორიაზე დატანილია საცხოვრისის აღმნიშვნელი უჯრედები და სამხრეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან თხრილითაა შემოფარგლული. პიშჩევიჩის მიერ ფრანგულ ენაზე შედგენილ „თბილისის 1785 წლის გეგმაზე“ მეტეხი და ავლაბარი ცალ-ცალკეა შემოზღუდული. მეტეხის გალავანს აღმოსავლეთიდან კარი აქვს დატანებული, საიდანაც ავლაბარში შეიძლება მოხვედრა. ავლაბარს კი ცალკე ზღუდე აქვს, რომელიც მტკვრიდან იწყება. კედელში ორი კარია: ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. გეგმის მიხედვით, ავლაბარში ქუჩებია, რომელთა საშუალებით მთელი ეს ტერიტორია კვადრატებად იყოფა. XVIII საუკუნის 80-იანი წლებისათვის ავლაბრის ტერიტორია გალავანშემოვლებულია. ამასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას გვაწვდის დარეჯან დედოფალი 1800 წელს შედგენილ სადედოფლო შემოსავლის ნუსხაში. დედოფალი სხვა ამბებთან ერთად წერს, რომ ოცდაექვსი წლის წინ, ე.ი. დაახლოეიბით XVIII საუკუნის 70-იან წლებში მისი ბრძანებით ავლაბრისათვის გალავანი შემოუვლიათ. პირველი წერილობითი საბუთი, სადაც ავლაბარს ვხვდებით, არის 1392 წელს შედგენილი სვეტიცხოველისადმი შეწირულობის სიგელი. „ტიფლისს ქალაქს: ეკლესია სასახლე, ვაჭარნი, მამულნი, ბაზარნი, ქულბაქნი და ბაჟნი, თვისითა შესავლითა. ავლაბარს: მონასტერი მეტეხის ყოვლად წმინდისა, მისითა მამულითა, ავლაბარითა და ავლაბრის ჭალითა“. „ტფილისს ქალაქი“ ცალკეა, „ავლაბარი“ კი მისგან დამოუკიდებელი პუნქტია. ვახუშტი ძველი ქალაქის შემადგენელ ნაწილთა დასახელებისას ამბობს, რომ „ისანს“ მის დროს „ავლაბარს“ უწოდებენ. არაფერს ამბობს, თუ როდის უნდა გაჩენილიყო „ისნის“ სინონიმად „ავლაბარი“. შ. მესხია სავარაუდოდ ამ ამბავს XIV საუკუნეს მიაწერს. აქვე ერთხელ კიდევ გვინდა გავიხსენოთ, რომ მეტეხის ეკლესია ისანში აშენდა. ისინი ქალაქის ნაწილია, უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, ისინი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დევს X საუკუნიდან მაინც. ამიტომ ხომ არ უნდა იყოს, რომ XVI საუკუნის სიგელ-გუჯრებში მეტეხი ყოველთვის ქალაქთან გვხვდება: „ტფილის ქალაქს მეტეხთა მონასტერი“ (1532-1549), „ქალაქს მეტეხი“ (1559). არის შემთხვევები, როცა მეტეხის ეკლესია ავლბართან ერთად იხსენიება: „ესე ძღუენი და შესაწირავი: ტფილის ქალაქს: ავლაბარს: მეტეხთა: ღთისა: მშობლისა“. სავარაუდებელია, რომ საბუთებში მეტეხის ქალაქთან და ავლაბართან ერთად მოხსენიება გაპირობებული იყო იმით, რომ მრავალგზისი შემმუსვრელი შემოსევების შედეგად, ქალაქის აღმოსავლეთით მხარის დამცველ ციხეს ზღუდე მორღვეული აქვს და მეტეხმა, ძველმა ისანმა, როგორც ციხემ, თავისი ფუნქციები დაკარგა. აქ მხოლოდ მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიაღა იდგა. XVII საუკუნეში როსტომ მეფემ „მოავლო მეტეხს ზღუდე და ქმნა, ვითარცა ციხე მტკიცე ხიდითურთ“. მაგრამ მას ახალი ციხე კი არ აუგია, ძველი, მოშლილი მეტეხის (ისნის) ციხე აღადგინა. მეტეხის ეკლესიის ავლაბართან ერთად მოხსენიება იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ საბუთის შემადგენელი ავლაბარს იყენებს ადგილის მინიშნების, დაკონკრეტების მიზნით, ორიენტირად - მეტეხი ქალაქში დგასო ავლაბრის მხარეს. 1392 წლის საბუთის მიხედვით, ავლაბარს თავისი მამული და ჭალა ჰქონდა. ნ. ბერძენიშვილი „ჭალასთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ „ჭალა“ ძველ საქართველოში დასახლებულ პუნქტს (დაბა, ქალაქს) ახლდა, როგორც ნაწილი და მაშასადამე, ამით (ჭალით) კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ავლაბარი დამოუკიდებელი დასახლებული პუნქტია, რაც არ შეიძლება ითქვას „ისანზე“, ანდა „მეტეხზე“. სიტყვა ავლაბრის განმარტებისას მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. თეიმურაზ ბაგრატიონი ავლაბარს ასე ხსნის: ,,ეს სახელი ავლაბარი ქართული, რთული სახელი არის. ესე იგი, ავლა ნიშნავს ძირის ადგილიდან მაღლა ასვლას, ბარი ნიშნავს მდაბალს, ვაკეს და ტფილ ადგილს. ესე იგი, მთა და ბარი. მთა მაღალი და გრილი: და ბარი მდაბალი, ვაკე და თბილი ადგილი“. ეს რასაკვირველია, ამ სიტყვის გულუბრყვილო ახსნაა. ს. ჯანაშია ავლაბარს ასე ხსნის: ,,ავლაბარი, ისე როგორც ისანი, არაბული წარმოშობის ძველი სახელწოდებაა: ისანი ,,ციხეს“ ნიშნავს, ხოლო ავლაბარი ,,სასახლოს მიდამოს“. შ. მესხია ავლაბარზე საუბრისას ამბობს: ,,ავლაბარი სასახლის მიდამოს ნიშნავსო“. როგორც ვნახეთ,ზემოთ დამოწმებული მკვლევარნი ავლაბარში ორ სიტყვას ხედავენ - ,,სასახლე“ და ,,მიდამო“, ე.ი. კომპოზიცია - ჰავალი და ბორი. იგი სპარსულ- არაბული წარმოშობისაა. ჰავალი - არაბულად და სპარსულადაც მიდამოს ნიშნავს. ბორ- სასახლეს. ისნის ციხეში მდგარა ქართველ მეფეთა სასახლე. ამიტომ ადვილად დასაშვებია, რომ ადგილს ამის გამო ,,ავლაბარი“ შერქმეოდა. რადგან სასახლე ციხის ტერიტორიაზე იდგა, ავლაბარი უნდა შერქმეოდა პირველ რიგში ციხის გალავნის შიგნითა ტერიტორიას - ისანს, მეტეხს. გვიანი ხანის თბილისის გრაფიკულ გამოსახულებებზე (ჟან შარდენი, ტურნეფორი, ვახუშტი) მეტეხი, ძველი ისანი, შემოზღუდულია, ავლაბარი კი - შემოუზღუდავი. არაა გამორიცხული, რომ სახელი ,,სასახლის მიდამო“ ზღუდის იქითა ტერიტორიაზეც გავრცელებულიყო. ავლაბარს სხვა ახსნაც აქვს. სიტყვა ბარე ნიშნავს - თხრილს, სანგარს,ზღუდეს,ღობეს,გალავანს,მიწაყრილს. ამრიგად, ვღებულობთ სულ სხვა შინაარსის სიტყვას - ზღუდის, გალავნის იქეთა მიდამო და არა სასახლის მიდამო. ჰავალიბარე რომ გადმოვაქართულოთ, მივიღებთ გარეთუბანს. გარეთუბანი კი ყოველთვის იმ ტერიტორიას ეწოდებოდა, რომელიც ქალაქის ზღუდის იქით მდებარეობდა. XIV საუკუნის დასასრულიდან XVI საუკუნის მიწურულამდე წერილობით წყაროებში ავლაბარი აღარ გვხვდება. თითქმის მთელი ორი საუკუნით ავლაბრის ჩვენი თვალთახედვის მიღმა დარჩენა შეიძლება საბუთების მიუღწევლობას და XV-XVI საუკუნეებში მტრის მრავალგზის გამანადგურებელ შემოსევებს მივაწეროთ. მართალია 1405 წელს თემურ-ლენგის გარდაცვალებით დროებით შეჩერდა დამანგრეველი შემოსევები და ქვეყანამაც სული მოითქვა, აშენდა ბევრი დანგრეული ციხე-კოშკი და ეკლესია-მონასტერი, მაგრამ ასეთი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1440 წელს საქართველოს მაჰმადიანური ქვეყნების კოალიციური ლაშქარი შემოესია თავრიზის მფლობელის, ჯაჰან-შაჰის მეთაურობით. მტერმა აიღო თბილისი, მოსახლეობის ნაწილი ამოწყვიტა, ნაწილი ტყვედ წაასხა, თვით ქალაკი კი დაანგრია. გამოხდა ხანი და აი, 1477 წელს თბილისს თავს ესხმის უზუნ-ჰასანი. ქართლისა და მისი დედაქალაქის დარბევა-აწიოკება გაგრძელდა XVI საუკუნეშიც. 20-იან წლებში თბილისი აიღო ირანში სეფიანთა დინასტიის დამაარსებელმა შაჰ-ისმაილმა. XVI საუკუნის 40-50-იან წლებში შაჰ-თამაზმა ოთხჯერ დალაშქრა თბილისი. ყიზილბაშები თურქ-ოსმალებმა შეცვალეს. ამასთან ერთად არ წყდებოდა მთიელ-აბრაგთა გაუთავებელი მძარცველური შემოსევები. ასეთია XV- XVI საუკუნეების თბილისის მოკლე ისტორიული ქრონიკა. ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია თბილისის მდგომარეობა. ყოველი დიდი შემმუსვრელი და დამანგრეველი შემოსევების შემდეგ საჭირო იყო ყველაფრის თავიდან დაწყება: დანგრეული უნდა აღედგინათ, ტყვედ წარსხმულნი და ხიზნები უკან დაებრუნებინათ. მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, თბილისი მაინც ყოველთვის ქალაქობდა. XVII საუკუნეში ავლაბარი ასე შემოისაზღვრებოდა: ჩრდილოეთიდან- ავლაბრის ხევი (ამჟამინდელი კიბალჩიჩისა), აღმოსავლეთიდან ლილოები, სამხრეთიდან- ღომელაური და დირსიჭალა, დასავლეთიდან- მტკვარი და მეტეხი. ეს საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო. XVII საუკუნიდან ავლაბრის ტერიტორიაზე იწყება დასახლება. 1654 წელს ვაჭარ ხოჯა ბეჰბუდას მეფე როსტომმა გარე ავლაბარში, მახათას მთის ძირას, სასაფლაოსთან ეკლესიის ადგილი უბოძა. შემდეგში ეს ეკლესია ცნობილი გახდა ხოჯა-ვანქის სახელით. მასვე, ხოჯა ბეჰბუდას, მახათას ძირიდან თავისი ბაღ-ვენახის სარწყავად ახი გამოუყვანია. როსტომისავე მეფობაში გარდაიცვალა სოფელ წოროდეთის მეპატრონე ჯავახიშვილი და რადგანაც ჯავახიშვილს მემკვიდრე არ ჰყოლია, მისი სოფელი მეფეს სახასოდ დაუჭერია, სამეფოდ უქცევია,წოდორელი გლეხები კი ავლაბარში გადმოუსახლებია. ამ ამბავს თვით წოდორელი გლეხები ასე მოგვითხრობენ: ,,უძეოსა და უშვილოს ჯავახიშვილს ზაქარიას ყმანი ვიყავენით და წოდორეთს ვესახლენით. ის მოკვდა და თავის კერძობით უშვილოდ გარდავლინდა, და ჩვენ როსტომ მეფემ სახასოდ დაგვიჭირა, იქიდამ ავიყარენით და ავლაბარში დავსახლდით“. როსტომ მეფის და მისი მემკვიდრის შაჰ-ნავაზის (ვახტანგ V) დროს შედარებით სიმშვიდე სუფევს აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისი იზრდება, შესაბამისად მისი სანახებიც სახლდება და საქალაქო ცხოვრებაში ინტენსიურად მონაწილეობს. ამრიგად, ავლაბარი სახასო, სამეფო მამულია. აქ სახლობენ,როგორც სამეფო,ისე დედოფლის, თავად-აზნაურთა, საკათალიკოსო თუ საეპისკოპოსო, თბილისის ყმა-გლეხნი. ქართველების გარდა ავლაბარში სახლობენ სომხები და მაჰმადიანები. 1769 კათალიკოსი ანტონ I იესეს ძე ავლაბარში კვეზერელ ოთარს და მის შვილებს სვეტიცხოვლის კუთვნილ მამულს უწყალობებს. XVIII საუკუნის ერთ-ერთ საპატრიარქოს ყმათა ნუსხაში იხსენიება „ავლაბრელი სუქანას შვილი ესტატე“ და ,,ავლაბრელი კვეზერელი დავითა“ . თითოეულ მეპატრონეს ავლაბარში თავისი მოხელე ჰყავდა.საკათალიკოსო ყმა-გლეხთა მოურავი იყო სვეტიცხოვლის სახლთუხუცესი მაღალაძე. XVIII საუკუნის დასაწყისში კათალიკოს დიასამიძის მიერ თბილელ მიტროპოლიტ ორბელიშვილ დომენტისადმი გაცემულ დოკუმენტში ლაპარაკია თბილელის უფლებებზე: ,,...ვინც მოქალაქე ალობარში დასახლდეს, თბილელის მამათ მთავარს ხელი აღარა აქვს და ვინც ალობრელი ქალაქში დასახლდეს,იმისი დრამა და საკანონო თბილელის მამათ მთავარმა მოიკითხოს“. ესე იგი თბილელის უფლებები ავლაბრის სამწყემსოზე, სამრევლოზე არ ვრცელდებოდა. ავლაბარი ქალაქისგან დამოუკიდებელი პუნქტია. 1783 წელს მეფე ერეკლე II-ს ბრძანებით ჩატარდა ქალაქის და გარეთუბნის აღწერა. აღწერით გამოირკვა, რომ ავლაბარში სახლობდა 355 კომლი. აქედან გარეთ ავლაბარში 136 კომლი, ხოლო შიგნითა ავლაბარში - 219 კომლი. ამაში არ შედის მეტეხი ციხით. ნუსხის გრაფიკული გამოსახვაა ,,თბილისის 1800 წლის გეგმა“. დოკუმენტზე დატანილია გალავანშემოვლებული მეტეხი, რომლისგანაც ზღუდის- ზღუდით გამოყოფილია ციხე. ციხის ჩრდილოეთ კედელს ებმის ავლაბრის გალავანი. შემოზღუდული შიგნითა ავლაბარი, ისევე როგორც მეტეხი, ლათინური ციფრითაა აღნიშნული, ხოლო გალავნის იქეთა, შემოუზღუდავი გარეთა ავლაბარი- XII-ით. (გეგმაზე მას ავლაბრის უბანი ეწოდება). XVIII საუკუნის ბოლოს იოანე ბატონიშვილის მიერ ჩატარებული ქართლ-კახეთის სოფლების აღწერის სიაში წერია: „ქ. თბილისს, რომელნიც მიეწერებიან სოფელნი აღმოსავლეთის მხარეს. ქ. ტფილისი თვთ ქალაქი.ქ. ავლაბარი, შენი მოსახლენი“. აქაც, ამ ნუსხაშიც, ავლაბარი ქალაქისაგან დამოუკიდებელი პუნქტია. ავლაბარი ქალაქის შემოგარენში მდებარე სოფლებისა და უბნებისგან გამოირჩევაა აქ არსებული სამეფო, თუ ადგილობრივი დანიშნულების მოხელეთა სიმრავლითა და ნაირსახეობით. ავლაბრის ამ მხრივ შესწავლა საშუალებას გვაძლევს, სრულად წარმოვიდგინოთ გვიანი შუა საუკუნეების ქალაქისპირა სოფელი. ავლაბარში ვხვდებით შემდეგ მოხელეებს: მოურავს, მამასახლისს, ხასადარს, მილახვარს, მებაჟეს, მეფალეს, მეკარეს, ყარაულს, ზედამხედველს, სარდარს და სხვა. მეფის საკუთარი მამულის მეთვალყურედ XVII-XVIII საუკუნეებში საგანგებოდ შეუქმნიათ ხასადარის სახელო. რაკი ავლაბარი სამეფო მამულია, ამიტომ ხასადარი აქაც გვხვდება. მეფე ფეოდალია, რომელიც დიდ მამულებს ფლობს და საჩუქრების, თუ ფეშქაშების სახით გასცემს ზვრებს და ხოდაბუნებს. მაგრამ მას კიდევ აქვს საკუთრივ მამული, რომელსაც თავის სამეფო ყმა-გლეხებს ამუშავებინებდა. სწორედ ამ სამეფო ხოდაბუნებისა და ზვრების მოვლა-პატრონობა და ზედამხედველობა ევალებოდა ხასადარს. ის ამავე დროს სახასო მამულიდან შემოსავლის ანგარიშსაც აწარმოებდა. აღსანიშნავია, რომ ხასადარი მხოლოდ მეფის მოხელეა. ის ადგილობრივი მოხელეა, ე.ი. თავის სამეურნეო მამულზე ზის. ხასადარი მოურავის, მამასახლისის და ნაცვლის რანგის მქონე მოხელეა, რომელსაც მათთან ერთად უფლება აქვს ბეგარით ისარგებლოს. 1697 წლისა და 1713 წელს შედგენილ ნასყიდობის წიგნებში ავლაბრის ხასადარს დოკუმენტის შედგენის თანდამსწრედ ვხვდებით. ესაა მათიაშვილი ოტია. მეფე ვახტანგ VI მიერ გაცემული სიგელი მიგვანიშნებს ხასადრის ადმინისტრაციულ უფლებებზე: „ბრძანება მეფისა ვახტანგ VI-ისა 1703-1709. ჩვენი ბრძანება არის ავლბარის ხასადარო! მერე ეს თათარაშვილი რამაზა ჩვენდა უბრძანებლად არავ აუყარო. თუ ვისმე ქართული აქონდეს, ჩვენ მოგვახსენოს, თორემ ნურვის დაანებებთ“. ხასადარი მეურვის, ზედამხედველის ფუნქციების შემსრულებელი მოხელე იყო და მისი უფლებები მემამულეთა კუთვნილ მამულებზე არ ვრცელდებოდა. ავლაბარში ხასადარის სახელო სულ რამდენჯერმე გვხვდება და ის მალე ქრება კიდეც. მის ნაცვლად ავლაბარში სახასო ყმა-მამულის მეურვედ ისევ მოურავია. ავლაბარში სამეფო მამულების გარდა არის მემამულეთა ყმა-გლეხები და მიწები, რომელთაც თავიანთი მოურავები ჰყავთ. გამუდმებული შემოსევებისა და მთიელ ლეკთა თარეშის გამო XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთში ქართულმა მოსახლეობამ საგრძნობლად იკლო. ქვეყანას კი მწარმოებელი ძალა- მუშახელი სჭირდებოდა. ბუნებრივი გზით ამ დანაკლისის შევსება ვერ ხერხდებოდა. ამიტომ საჭირო გახდა იძულებით, ხელოვნური გზით არაქართველთა ჩამოსახლება და დასახლება, ათხელებულ და გაუკაცრიელებულ ადგილებზე. ეს იყო მიზეზი, რომ XVIII საუკუნეში თბილისის შემოგარენში სახლდებიან ქართველ მეფეთა- ერეკლე მეორისა და გიორგი XII მიერ ჩამოსახლებული განჯელი, ერევნელი და ლორელი სომხები. 1781 წლის 28 თებერვალს გიორგი ბატონიშვილი ქალაქში და ავლაბარში მოსახლე ლორელ ყმა-გლეხთა მოურავად მაყაშვილ სიმონს ნიშნავს: „ჩვენსა ლალასა და ჩვენსავე ეშიკაღასბაშსა მაყაშვილს სვიმონსა, შვილსა შენსა და მომავალთა სახლისა შენისათა, ასე რომე ჰავლაბარში ვინცა-ვინ ლორელები ჩვენი ყმანი სახლობენ, ამათს მოურაობის დაგვეაჯე და... ეს მცირე სახელო გიბოძეთ, ჰავლაბარში რამდენიც ჩვენი ყმანი სახლობენ, მათი მოურაობა და ამას გარდა, იქავ ქალაქში კიდევ ვინცა-ვინ ლორელი აზნაურიშვილები არიან და რამდენიც კომლნი ჩვენი საბატონისშვილო თათრები სახლობენ, ამათი მოურაობაც შენთვის და შვილთა შენთათვის გვიბოძებია“. გიორგი ბატონიშვილი, უკვე მისი მეფობის დროს, 1798 წელს, ავლაბარში მოსახლე ერევნელ სახასო ყმა-გლეხთა მოურავის სახელოს უბოძებს „ერთგულს ყმას მირზა აფრასობს. და შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა. ასე, რომ ამ შენს ერთგულად ნამსახურებას მივხვდეთ და ვინებეთ და გიბოძეთ ავლაბარში მდგომის ჩვენის სახასო ერევნელების მოურაობა. ყოვლის თავის სამართლიანის სარგოთი და სარგებლობითა გვიბოძებია შენთვის და ისინიც რიგიანად შენის სიტყვის მორჩილნი და გამოგონენი უნდა იყვნენ ჩვენს სამსახურზედ და შენც იმათს მოვლას და შემატებას და გაძლებინებას უნდა ეცადო“. არსებითად მეფისა და მემამულის მოურავის სახელი ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. მეფის მოურავი პასუხისმგებელი იყო მეფის წინაშე, მემამულისა- მემამულის წინაშე. მოურავს ევალებოდა სამეურვეო მამულში ადმინისტრაციული, საკანონმდებლო და ეკონომიური საკითხების მოგარება და წარმოება. ამაში მას ეხმარებოდნენ ნაცვალი და მამასახლისი. ავლაბარში დედოფალსაც ჰქონდა თავისი მამული. დედოფლის კუთვნილი მამულების საქმეთა მწარმოებელს, თუ ზედამხედველს, რომელიც საფინანსო და სამეურნეო საქმეებს მართავდა, მილახვარი ეწოდებოდა. მილახვრის სახელი ჩვენში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა. მილახვარი ჰყავდა მეფეს, დედოფალს და ცალკე მემამულეებსაც. XVIII საუკუნის დასასრულს დედოფლის მილახვრის სახელი იოსებ ყორღანაშვილს ეკავა. მილახვრის გარდა სამეურნეოსი, საამშენებლო საქმეებიც ევალებოდა. დარეჯან დედოფალი იოსებ ყორღანაშვილს 1797 წელს ავლაბარში ზეთის სახდელ ქარხანას აძლევს: „ჩვენ საქართველოს დედოფალმან დადიანის ასულმან დარეჯან თქვენ ჩვენს მილახვარს იოსებ ყორღანოვს ავლაბრის გაკეთებისა და აქაურის ჩვენის სასახლისა და ეკლესიის აშენებაზე შენის დიდის გარჯისა და ღვაწლ დადების სამუქფო და წყალობა გიყავით და გიბოძეთ... სამკვდრო მამულად ავლაბარში ტფილისის გალავნის კარს გვერდით ისევ შენისავ გარჯით ჩვენს საკუთარს ადგილას შენგანვე გაკეთებულ ზეთის სახდელის თავის შესავალ-გასავალითა და სახლის წინ რაც ცარიელი ადგილია ტფილისის გალავნის კედლამდინ“... გარდა იმისა, რომ იოსებ ყორღანაშვილი დედოფლის მილახვარია, მას ავლაბარში დედოფლის მოურავის სახელიც უკავია.
„ქ. მათის უმაღლესობის დედოფლის წინაშე მოსახსენებელი მათის მონის გაბრიელ აზნაურის ყულიჯანოვისაგან: ჩემო ხელმწიფევ დასადგომი სახლი არა მაქვს. პატარა კარებთან რომ ბეითალმანი სახლი გახლავს ქაქანასეული გევედრებით რა სახლი მე მიბოძოთ, მოურავსა და მამასახლისს ოქმით ებრძანოსთ, რომ ის სახლი მე მომცენ.. მარტის გ. ქკს უჟ ქორონიკონს“. აღნიშნულ თხოვნას მიწერილი აქვს: „ქ. ავლაბრის მოურაო მილახვარო იოსებ ყორღანოვო, ამ არზით ამ ჩვენს აზნაურიშვილს გაბრიელას ავლაბარში ჩვენის ყმის ბეითალმანი ოტია ქაქანასეული სახლი რომ უთხოვნია- ის სახლი ამისათვის გვიბოძებია. მარტის ია. ქორონიკოს უჟა“ (1803). ყურღანაშვილს სხვა საქმეებთან ერთად ყმების დასახლების საკითხის მოგვარებაც ევალებოდა. ყმა ხურო გოგიას თხოვნაზე საცხოვრებელი ადგილის მიცემის შესახებ, დედოფალი დარეჯანი წერს: „ქ. ავლაბრის მოურაო მილახვარო ყორღანაშვილო იოსებ და ავლაბრის მამასახლისო. მერე ეს გოგიტელა იმერელი რომ ამდენი ხანია აქ ავლაბარში ჩვენს ყმათ სახლობს და ჯერ ამისათვის მამული არ გვიბოძებია“... საბუთში ლაპარაკია, რომ გოგიას ბეითალმანი ადგილი მიეცეს. საბუთიდან ჩანს, რომ ავლაბარში მამასახლისის სახელიცაა. ეს სახელი პირველად 1737 წელს შედგენილ სიგელში გვხვდება, სადაც მამასახლისი დოკუმენტის შედგენის თანდამსწრე პირია: „... ავლაბრის: მამასახლისი: იობა“. მამასახლისი საქართველოში ადრეულ ხანაში ჩნდება და მას დიდი ხნის ისტორია აქვს. გვიანი შუა საუკუნეების მამასახლისი თავისი უფლებებით უკვე დიდად იყო დაშორებული თავისი წინაპრებისგან და იგი მხოლოდ მოხელეა, რომელსაც ძირითადად გლეხებისგან ირჩევდნენ. სხვა გლეხებისგან განსხვავებით იგი თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. მის მოვალეობას შეადგენდა მონაწილეობა მიეღო სოფლის მართვა-გამგეობაში. სოფლის მოხელეებს ეხმარებოდა გადასახადის აკრეფაში და სხვა. ავლაბრის მამასახლისი, ამ შემთხვევაში დარეჯან დედოფლისა, ვალდებულია, სახლ-კარის მაძიებელ ყმა-გლეხებს გამოუძებნოს სამოსახლო და ამის შესახებ მოახსენოს თავის ბატონს- დედოფალს.
„1796 წლის სექტემბერს 19 მაღალ კეთილ-შობილო, უფალო ივან ეფრემიჩო! ქ. რომელნიც ავლაბარში ჩვენი ყმანი სახლობენ, მოგეხსენებათ, მზაკვრისა და მტაცებლის აღა-მაჰმად-ხანისაგან წამხდარნი არიან და შეწუხებულნი ახლა, რადგანაც არც ჩვენა ვართ მანდ არც მაგათი მოხელე, ჩვენი მილახვარი ყორღანოვი იოსებ იმყოფება, სანამ ან ჩვენ მოვიდოდეთ, ან თავიანთი მოხელე მოუვიდოდესთ, ეგ ჩვენი ყმანი თქვენთვის მოგვიბარებია, რომ თვალყური დაიჭიროთ მაგათზე და მაგათის მამასახლისის დავითისათვისაც მოგვიწერია, რომ რაც მწუხარება ჰქონდესთ თქვენს მაღალ კეთილშობილებას, მოახსენოს რომლითაც მოველით, რომ თქვენ მოწყალებით შეისმენთ მაგათს მოხსენებას ჩღჟვ 1796 წელსა სექტემბერს ით.(19) თელავით, სდ (სრულიად) საქართველოს დედოფალი“. ამრიგად, დარეჯან დედოფალი ვინმე ივანე ეფრემიჩს ავალებს, ყურადღება მიაქციოს აღა-მაჰმად-ხანის დროს აწიოკებულ ავლაბარს და სანამ ავლაბრის ყმა-გლეხებს „თავიანთი მოხელე მოუვიდოდესთ“, თვალყური თქვენ ადევნთო. ეს მოხელე მამასახლისი არაა, რადგანაც წერილში ნათქვამია: „მამასახლისის დავითისათვისაც მოგვიწერია“, რომ იმანაც ყურადღება მიაქციოს იქ შექმნილ მდგომარეობას, ე.ი. ავლაბარში დედოფლის ყმა-გლეხებს მოურავის და მამასახლისის გარდა კიდევ ყოლიათ მოხელე. სამწუხაროდ, დედოფალი კონკრეტულად არაფერს ამბობს, რა სახელი ეკავა ამ მოხელეს. რაკი ავლაბარს გალავანი ჰქონდა შემოვლებული, ბუნებრივია, მას კარიც ექნებოდა. ეს კარი შეიძლება ერთი, ანდა მეტი ყოფილიყო. ავლაბრის კედელში, დოკუმენტების მიხედვით, ორი კარი ყოფილა გაჭრილი: „პატარა კარი“ და „ავლაბრის კარი“. საბუთებში „ავლაბრის კართან“ დაკავშირებით ვხვდებით „მებაჟეს“, რომელიც „ავლაბრის კარიდან“ იღებდა გადასახადს - „ბაჟს“. „ავლაბრის კარს“, მებაჟის გარდა, „მეკარეც“ ჰყავს, რომელიც თავისი სამსახურისთვის გარკვეულ გასამრჯელოს იღებს. მას წლიური ჯამაგირი, ხელფასი ეძლევა-შვიდი მინალთულნი. მინალთუნი ვერცხლის ხუთ აბაზს უდრიდა. ესე იგი, მას შვიდი მანეთი ვერცხლით წლიური ხელფასი ჰქონდა. ამას გარდა „მეკარე“ იღებდა ავლაბრის კარიდან შემოტანილი ღვინის ბაჟიდან თექვსმეტ მინალთუნს, ჭაშნიკიდან ორ მინალთუნს, კახეთის ბაჟიდან- ორ მინალთუნს. სულ წლიურ შემოსავალს შეადგენდა სამი თუმანი და ორი მინალთუნი, ესე იგი, ოცდათორმეტი მანეთი ვერცხლით. მეფის შემოსავლიდან „მეკარეს“ არაფერი ერგებოდა. მეტეხის გალავანში „ავლაბრის კარს“ პირველად ვახუშტი ბატონიშვილის „თბილისის 1735 წლის გეგმაზე“ ვხვდებით. აღნიშნული კარი ზღუდეში აღმოსავლეთიდან არის დატანებული. ქალაქის კედელში დატანებული კარი იმ სახელს ატარებდა, რომელიც ქალაქისკენ, ანდა სოფლისკენ იყო მიქცეული. ზოგჯერ კარი იმ საქარავნო-სატრანზიტო გზის სახელს ატარებდა, რომელიც ორ სავაჭრო ცენტრს ერთმანეთთან აკავშირებდა. მეტეხის ზღუდეში დატანებული „ავლაბრის“ კარი ქალაქს ავლაბართან აკავშირებდა. შემდეგი გეგმა, რომელზეც „ავლაბრის კარს“ ვხვდებით, არის პიშჩევიჩის „თბილისის 1785 წლის გეგმა“. ვახუშტისაგან განსხვავებით, აქ თვით ავლაბარი შემოზღუდულია და „ავლაბრის კარი“ აქაც გალავნის აღმოსავლეთითაა დატანებული. ავლაბრის გალავანში „ავლაბრის კარის“ სახელით კარიბჭის გაჭრა, ერთი შეხედვით, თითქოს ტრადიციის გაგრძელებად ჩანს, მაგრამ ეს ასე არაა. ავლაბრის ზღუდის იქით კიდევაა ე.წ. „გარეთა ავლაბარი“, ანდა, როგორც თბილისის 1800 და 1802 წლების გეგმებზეა, „ავლაბრის უბნის“ დასახლება და კარსაც ავლაბრის სახელი ამიტომ ეწოდა. ავლაბარში „პატარა კარიცაა“. ვახუშტის გეგმაზე მხოლოდ ერთი კარია, პიშჩევიჩთან კი ავლაბრის გალავანს მეორე კარი ჩრდილოეთის მხრიდანაც აქვს დატანებული. „თბილისის 1800 წლის გეგმაზეც“ ავლაბრის მეორე კარი გალავანს ჩრდილოეთიდან აქვს. „ავლაბრის კართან“ თავს იყრიდნენ ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული გზები. აქვეა ავჭალის გზაც, რომელიც მცხეთასთან რუსეთისაკენ მიმავალ „დიდ გზას“ უერთდება. XVII საუკუნის ერთ სიგელში ნახსენებია ავლაბრის მეღალე: „ქ. სარდალ სახლთხუცის ლუარსაბიმა: და ნაზირ ედიშერის: იმედო ავლაბრის მეღალევ“. მაშასადამე, ავლაბარს თავისი „მეღალე“ ყავს, რომელიც აღებულ ღალას სახელმწიფოს აბარებს. მეფის მამულებიდან შემოსული ყოველგვარი სურსათ-სანოვაგე, ფრინველი, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი ინახებოდა ე.წ. „საწყობში“, რომელსაც ქარხანა ეწოდებოდა. ამ საქონლის მიღება-გაცემას ზედამხედველობას უწევდა ქარხნის ნაზირი, რომელიც სამეფო მეჯლისში, სახლთუხუცესთან ერთად, დიდ მონაწილეობას იღებდა.მასვე ევალებოდა „მეჯლისის წესების გამგეობა“. ქარხნის ნაზირს შვიდი-რვა კაცისგან შემდგარი მეტიკისპირეთა ჯგუფი ჰყავდა, რომელთა მოვალეობას ტიკიდან ღვინის ჩამოსხმა შეადგენდა.„დასტურლამალში“ ნახსენებია მეტიკისპირე „ავლაბრელი თამაზა“. ახლა ძნელია იმის თქმა, მეტიკისპირედ აუცილებლად ავლაბრელი უნდა ყოფილიყო თუ არა,მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ მოვალეობის შემსრულებლად სხვა სოფლებთან ერთად მუდმივად ერთი ავლაბრელიც უნდა ყოფილიყო. ალბათ იმიტომ, რომ ავლაბარი სამეფო-სახასო მამული იყო. მეფის სასახლის პროდუქტებით მომარაგება ევალებოდათ აუშტარებს. „დასტურლამალში“ სხვა აუშტართა შორის გვხვდება „ავლაბრელი ზურაბა“. აუშტარებს სათავეში ედგა თავლიდარი, რომელიც საანგარიშო დარგის მოხელე იყო. „დასტურლამალში“ სამეფო მეჯოგეთა შორის მოხსენიებულია „ავლაბრელი ბერუკა“, რომელსაც სამეფო ჯოგის მწყემსვა ევალებოდა. ავლაბარს ედო სამეხრეო გადასახადიც- მეხრის შესანახი გამოსაღები. ავლაბართან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა ამ უბანს წარმოგვიდგენს, როგორც მრავალდარგოვან სახელოსნო უბანს. აქ სახლობს და აქვე ხელოსნობს - თავის დუქან-სახელოსნოში თუ ქარხანაში-ხურო, მკლავი, მკუპრავი, მეჯაგე, ყაზაზი, მეთუნუქე, მეკრამიტე, მეაგურე, მეჭურჭლე. ავლაბარში გაცხოველებულ აღებ-მიცემობაზე მეტყველებს აქ არსებულ დუქანთა სიმრავლე, დუქანი არა მარტო სავაჭრო პუნქტი იყო, აქვე მზადდებოდა ბაზარზე გასატანი საქონელიც. ავლაბარში დუქან-სახელოსნოთა სიმრავლე განპირობებული იყო, ჯერ ერთი, იმით, რომ ის ქალაქის უახლოესი უბანია; მეორეც, ავლაბარში, მის გალავანში დატანებულ კართა მეშვეობით თავს იყრიდნენ სხვადსხვა მხრიდან წამოსული მგზავრები. ავლაბარს თავისი ბაზარიც აქვს. აქვე დგას ქარვასლა - შორი გზიდან მოსულ მგზავრთა თავშესაფარი სასტუმრო, ქარავნებით ჩამოტანილი აურაცხელი საქონლის საწყობი. ავლაბარი მდიდარია მიწისზედა ხუროთმოძღვრული ძეგლებით. აქ იდგა და ახლაც დგას ქართული, მართლმადიდებლური და სომხური, გრიგორიანული ეკლესიები. ავლაბარში მდგარი სომხურ-გრიგორიანული ეკლესიებია: „ხოჯა-ვანქის ასტვაწაწინ“ (ხოჯა-ვანქის ღვთისმშობისა), „სურბ-კარაპეტას (წმ.კარაპეტა), „ლუსაფორიჩი“ (გრიგოლ-განმანათლებელი), „კარმირ-ავეტართან (წითელი სახარება) და სხვა. ბზის ანუ ბაზრის მოედანი რიყეზე სირაჩხანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა, მტკვრის პირას, ეგრეთ წოდებულ „ვირის ხიდთან“. ბზის მოედანზე განსაკუთრებით ხალხმრავლობა იყო უქმე დღეებში. აქ იდგა ქარვასლები, აქვე იყრიდა თავს ქალაქის ბაზარზე გასაყიდად ჩამოტანილი საქონელი. სტუმრები და ვაჭრები ღამის გასათევად ქარვასლებში რჩებოდნენ. ბზის მოედნის ხშირი სტუმრები იყვნენ შორეული ინდოეთიდან თუ სპარსეთიდან წამოსული აქლემებიც. ასობით კოლომეტრგავლილსა და ტვირთისგან განთავისუფლებულ პირუტყვს საკვებად ბზეს და თივას უყრიდნენ. ამიტომაც შეერქვა ამ მოედანს „ბზის“ სახელი. რიყე ავლაბრის ჭალის მერმინდელი, გვიან შეძენილი სახელია. იგი ეწოდებოდა ადგილს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, აწინდელ მეტეხსა და ბარათაშვილის სახელობის ხიდებს შორის. ადრე რიყეზე ავლაბრელებს ბაღ-ვენახები ჰქონდათ გაშენებული. რიყეს საასპარეზოდაც იყენებდნენ. ძველად საქართველოში, იშვიათად, მაგრამ მაინც იმართებოდა ხოლმე ორთაბრძოლა- დუელი. ● ● ● ირანის შაჰმა ქართლი როსტომ მეფეს რომ ჩააბარა, შემდეგ მას ცოლად შერთეს ლევან დადიანის და მარიამი, მაგრამ მათ შვილი არ ეყოლათ. ქართლის სამეფო ტახტს კი მემკვიდრე სჭირდებოდა. ამ მიზნით როსტომ მეფემ, ირანის შაჰთან შეთანხმებით თავისი ბიძაშვილის, თეიმურაზის შვილი, ლუარსაბი იშვილა. როსტომ მეფემ ბევრი ქარვასლა და ხიდი ააშენა, ძველიც ბევრი შეაკეთა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიურ მოღონიერებას. მისი მეუღლე მარიამ დედოფალი ხომ დაქცეული ეკლესიებისა და სამრეკლოების აშენებასა და შეკეთებას ახმარდა მთელ თავის ღონესა და სახსრებს. როსტომ მეფემ განჯის გზაზე, მდინარე ხრამზე, ძველი „გატეხილი ხიდის“ ზემოთ, ააგო აგურის ხიდი ქარვასლით, რომელიც დღესაც დგას და მას ზოგი „გატეხილ ხიდს“, ზოგი კი „წითელ ხიდს“ უწოდებს. რიყის გაშენიანება ცოტა მოგვიანებით, XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ამ დროიდანვე ჩნდება ამ ადგილის სახელი- რიყე. ბოლო დრომდე, XX საუკუნის 50-60-იან წლებამდე აქ დუქნები და სახელოსნოები იყო. რიყეზე ძირითადად მკალავები, მჭედლები და ხაზარები საქმიანობდნენ, აქვე იყო ბაზარიც. მტკვარმა ხშირად, ხანგრძლივი წვიმების დროს, ადიდება იცოდა ხოლმე. ამ დროს იგი თავის კალაპოტს სტოვებდა და რიყე იტბორებოდა, რასაც დიდი მატერიალური ზარალი მოსდევდა. ხშირად ადამიანთა მსვერპლიც იყო ხოლმე. დატბორილი რიყე საცურაო აუზს ჰგავდა. სახლიდან სახლში მისვლა მხოლოდ ნავით შეიძლებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსმა ხელისუფლებამ 1802 წლის 12 ივლისს უმაღლეს ხელისუფლებას განსახილველად წარუდგინა „საქალაქო და სათემო პოლიციის“ დაარსების პროექტი. მის პირველ პარაგრაფში ქალაქი თბილისი სამ ნაწილად იყო დაყოფილი. თითოეული ნაწილი კი ორ-ორ კვარტლად. ამ პროექტის თანახმად ავლაბარი ქალაქის მეოთხე ნაწილად ცხადდებოდა. მთავარმმართებელ ერმოლოვის დროს, 1816 წელს, ავლაბარი ირიცხებოდა ქალაქის მეორე საპოლიციო უბანში. მიუხედავად ამისა, ავლაბრელი ყმა-გლეხები ერთხანს კიდევ სარგებლობდნენ აქ არსებული სახაზინო მიწებით და იბეგრებოდნენ კიდეც. გარეთა და შიგნითა ავლაბრის ქალაქთან საბოლოოდ შემოერთების შემდეგ აქაურებს მიწით სარგებლობა აეკრძალათ. ამგვარად, ძველი თბილისის აღმოსავლეთით მდებარე სახასო მამული ავლაბარი, თავისი ზვრებითა და ხოდაბუნებით, სამეფო და სადედოფლო მოხელეებით, დუქან-სახელოსნოებითა და მრავალგვარი ხელოსნებით, ქალაქის შემოგარენში ერთ-ერთი დაწინაურებული სასოფლო-სამეურნეო და სახელოსნო უბანი იყო.
თ. ბერიძის ნაშრომის მიხედვით