19-07-2021
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავის შეფასებაში, პრაქტიკულად, გააორმაგა 2021 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა - 7.7%, რამაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, უკვე წელს საკმაოდ საგრძნობლად, მილიარდზე მეტით გაგვეზარდა მიმდინარე ბიუჯეტი, რაც დამატებითი რესურსია ჩვენი სხვადასხვა პროგრამისთვის, სოციალური ხარჯებისთვის, ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის. გაჯანსაღების ტენდენციას, რომელსაც აღნიშნავს სავალუტო ფონდი, ჩვენც ყოველთვე ვხედავთ, განსაკუთრებით აპრილიდან მოყოლებული, როდესაც ეკონომიკური ზრდის იმდენად მაღალი პოზიტიური დინამიკაა თვიდან თვემდე, რომ ის აჭარბებს არამარტო 2020 წელს, არამედ 2019 წელსაც," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ე.წ. „მეოთხე მუხლის კონსულტაციების მისიის" დასრულებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი. ბრიფინგში აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა და ფონდის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მისიის ხელმძღვანელმა მუსტაფა საიდმა ონლაინ მიიღეს მონაწილეობა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, მის ახალ ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს გაწეული საქმიანობისა და საქართველოს ეკონომიკური ვითარებისა და მიმდინარე რეფორმების დადებითი შეფასებისთვის. „ეს არის დადებითი შეფასება ჩვენი ეკონომიკური გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის, მიმდინარე რეფორმების. სწორედ ამ შეფასებას, ამ რეფორმებს, ამ ძალისხმევას ეყრდნობა სავალუტო ფონდი, როდესაც აღნიშნავს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციებს, მიმდინარე პანდემიის მიუხედავად," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრმა მაგალითად მოიყვანა 2021 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საანგარიშო პერიოდში ექსპორტი არა მხოლოდ წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 30.1 პროცენტი შეადგინა, არამედ მან 2019 წლის ივნისში, ანუ პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემს 12.5%-ით გადააჭარბა. ნათია თურნავას განცხადებით, ექსპორტის მსგავსი დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე.
„ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის მყარ არგუმენტს, რომ ნამდვილად ველოდოთ ძალიან სერიოზულ გაჯანსაღებას. ასევე სრულ თანხვედრაშია სავალუტო ფონდისა და ჩვენი ხედვა იმ რეფორმების მიმართ, რომელთაც უკვე ვახორციელებთ, ან მომავალში ვგეგმავთ. ესენია, კაპიტალის ბაზრის რეფორმა; სახელმწიფო საწარმოების რეფორმა; ენერგეტიკის სექტორის რეფორმა და ბევრი სხვა ახალი მიმართულება, რომელიც შექმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ მომავალ წლებშიც შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა," - განაცხადა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ბოლოხანს ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს. ფონდის რელიზის თანახმად, ყოველთვიური შეფასებითი მაჩვენებლები 2021 წლის მეორე კვარტალში სწრაფ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც 2020 წლიური ზრდა 7,7 პროცენტს მიაღწევს. „ეს მნიშვნელოვნად მომატებული ზრდის ტემპია, იმასთან შედარებით, რასაც რამდენიმე თვის წინ ველოდით და გულისხმობს, რომ ეკონომიკის გამოშვება 2021 წელს 2019 წლის დონეს გადააჭარბებს," - აღნიშნულია ფონდის გავრცელებულ ინფორმაციაში.