გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში ნაეკლესიარის არქეოლოგიური გათხრები განახლდა

22-07-2021

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით სოფელ დარჩიძეებში ნაეკლესიარის არქეოლოგიური გათხრები განახლდა. ნაეკლესიარის შესწავლა გასულ წელს დაიწყო ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართველოლოგიური კვლევების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, მდ. ჩირუხისწყლის მარჯვენა მხარეს აღმართულ ერთ-ერთ ქედზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ,,ქილისასერის“, ზოგჯერ კი ,,ქვახიდისერის“ სახელწოდებით მოიხსენიებს.

მცირე მასშტაბის სამუშაოების შედეგად შესწავლილია X საუკუნის ნაეკლესიარის მხოლოდ შიდა სივრცე იატაკის დონემდე. გამოიკვეთა ცოკოლი, შემორჩენილი დარბაზის კედლის წყობის ერთი რიგი და ნახევარწრიული მოყვანილობის აფსიდის კედლის ნაწილი, რომელსაც საპირე ქვები შემოცლილი აქვს, გარდა ერთისა. ნაგებობა დარბაზული ტიპისაა.

არქიტექტურული დეტალებიდან აღმოჩენილია კაპიტელების, ქვაჯვარისა და ქვასვეტების ფრაგმენტები. ყურადღებას იქცევს ცხოველთა პროტომები (ლომისა და ხარის).

სკულპტურული გამოსახულებები ხშირად გვხვდება ადრეული და განვითარებული შუასაუკუნეების ტაძრებზე, მაგრამ აჭარაში მათი აღმოჩენის პირველ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სხვა არტეფაქტებიდან წარმოდგენილია კერამიკული ნაკეთობანი და ზიარებისათვის განკუთვნილი რკინის კოვზი. ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები არ დასრულებულა.

შესასწავლია იატაკი და ნაგებობის გარე სივრცე: ხელოვნურად მოსწორებული მოედნები თუ ტერასები, სადაც მიმობნეულია გადმოქცეული კედლის ნაშთები; ალაგ-ალაგ გვხვდება მშრალი წყობები. დიდი ზომის მონოლითები (უფორმო), რომელთაც აჩნია ბასრი საგნით ჩატარებული კვეთის კვალი, რაც სამშენებლო ქვის ადგილზე დამუშავების ვარაუდს იძლევა.

შესასწავლია ასევე ეკლესიასთან არსებული სამაროვანიც. საყურადღებოა რომ ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად ნაეკლესიარი დღემდე განიცდის განუწყვეტელ რღვევას საპროექტო ობიექტზე შესრულებული სამუშაოები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ზემო აჭარაში საეკლესიო ხუროთმოძღვრების, სამშენებლო ხელოვნების, ქრისტიანული მსოფმხედველობისა და რიგი სხვა საკითხების შესწავლის საქმეში. ასევე კვლევების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება ძეგლის დაცვის მიზნით სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებაც. ამ ეტაპზე დარჩიძეების ნაეკლესიარისა და მის შემოგარენში საველე არქეოლოგიური კვლევა გაგრძელდა ნაეკლესიარის შიდა ტერიტორიაზე (იატაკისა და სავარაუდო სამარხების) ასევე დაიწყო გარე კედლების გაწმენდა-შესწავლა: საკონტროლო თხრილების საშუალებით დაზუსტდება ეზოს ტერიტორიასა და ტერასებზე უძრავი კულტურული ფენების (სხვა ნეგებობების ნაშთებისა და სამარხების) არსებობა და გავრცელების საზღვრები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930