22-07-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სამინისტროს სურს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა.
სამინისტრო აცხადებს, სიცრუის ავტორები და მათ ზურგს ამოფარებული სხვა პირები ამ გზით საკუთარი უმოქმედობით გამოწვეული სავალალო შედეგების გადაფარვას ცდილობენ. კერძოდ, სწორედ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არხის მესვეურებს და სოციალურ ქსელებში გამოთქმული ყალბი აღშფოთების ავტორებს, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ებარათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობა, არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ მუზეუმის შენობა (ისევე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ბევრი სხვა ძეგლი) გადაერჩინათ.
"სიცრუისა და ყალბი აღშფოთების ავტორებს შეუძლიათ იხილონ ამ განცხადებაზე დართული ფოტომასალა, რომელიც მათი და მათ ზურგს ამოფარებული პირების უმოქმედობის შედეგად შალვა ამირანაშვილის მუზეუმში არსებულ ვითარებას ასახავს.
ნათელია, რომ სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა სამწუხაროდ ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს.
კულტურის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ მიმდინარე წლის ივლისში კულტურის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მუზეუმის შენობა არის უმძიმეს მდგომარეობაში. კერძოდ:
ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური; ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება; შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი; შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან; შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს.
სწორედ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუზეუმის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდების გადასარჩენად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიმდინარე წლის 15 ივლისს დაამტკიცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი, მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტრომ მაშინვე გახადა საჯარო. სწორედ ამ გეგმის თანახმად აპირებს სამინისტრო მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენას და არა მუზეუმის დემონტაჟს, როგორც ეს ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ სიუჟეტში იყო ნათქვამი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან, ხოლო საზოგადოებას მიმართავს, ნუ აჰყვება ცილისწამებას იმ ადამიანების მხრიდან, ვისი დამსახურებითაც არის მუზეუმის შენობა ასეთ მძიმე მდგომარეობაში" - აცხადებენ სამინისტროში.