22-07-2021
საერთო საჯარისო ცენტრში საზოგადოებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა აქცენტი 5 ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებაზე გააკეთა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქართული ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს არსებული გამოწვევების გათვალისწინებითა და ტოტალური თავდაცვის პრინციპის ეფექტურად განხორციელების მიზნით.
მინისტრმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად არტილერიის განვითარება დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი არტილერისტები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი ეფექტურობითა და პროფესიონალიზმით საბრძოლო მოქმედებებში, ხოლო მათი შესაბამისი საშუალებებით აღჭურვა კიდევ უფრო ძლიერს გახდის საარტილერიო შენაერთებს.
„ამ თვალსაზრისით, 2024 წლიდან პრაქტიკულად ინტენსიურ რეჟიმში განვავითარებთ ჩვენს შესაძლებლობებს. აქვე აღვნიშნავ, რომ საარტილერიო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, იგეგმება როგორც ქართული წარმოების ნაღმმტყორცნების განვითარება, ასევე უცხოური წარმოების საარტილერიო დანადგარების შესყიდვა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმაში გაწერილ პრიორიტეტებზე საუბრისას თავდაცის უწყების ხელმძღვანელმა ეფექტურ კონტრმობილობის საშუალებებსა და ამ კუთხით პარტნიორ სახელმწიფოებთან დაგეგმილ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, კონტრმობილობის საშუალებები სამხედრო თვალსაზრისით უპირატესი მოწინააღმდეგის სათანადო გამკლავებისათვის განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს. „ამიტომ, ჩვენს მე-5 ძირითად პრიორიტეტს საინჟინრო მობილობის და კონტრმობილობის განვითარება წარმოადგენს. ჩვენ ამ მიზნით ვთანამშრომლობთ პარტნიორ სახელმწიფოებთან და 2022 წლიდან 2027 წლის ჩათვლით ვგეგმავთ ამ კუთხით მნიშვნელოვან გაძლიერებას“, - განაცხადა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ განვითარების 10-წლიანი გეგმაში თავდაცვის ძალების სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზეც გააკეთა აქცენტი და მათ შორის გამოყო სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერება, მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარება, ავიაციის, სასწავლო-საწვრთნელი ბაზის, სატრანსპორტო და სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერება.
2020-2030 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოს თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.