22-07-2021
ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება- „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში"!- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი განმარტებით, უმთავარი ღირებულება იყო და არის სიცოცხლე, რაც პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას.
კახა კალაძის თქმით, დღეს თბილისს სჭირდება მეტი განვითარება, მეტი რეკრეაციული სივრცე, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში.
„თქვენ იცით, ბოლო 2 წლის განმავლობაში რა გამომწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, რამაც გვაიძულა დაფიქრება და დღეს უკეთ ვიცით, რამდენად ძვირფასი, რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე. პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს! ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს სირთულეები გადავლახოთ. ამიტომ, ჩვენი სლოგანი ემყარება იმას, რომ გვინდა მეტი საქმის კეთება, მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია, მეტი მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტი საბავშვო ბაღი აშენდეს...
ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება „მეტი სიცოხლე ყველა უბანში"! მზად ვარ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავო, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენი თბილისის ყველა უბანში," - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" გამოცხადებული ნდობისთვის და ხაზი გაუსვა საარჩევნო ბრძოლაში თბილისელების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომ მომცა შესაძლებობა, ჩავერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ისევ ვიბრძოლო თბილისის მერობისთვის. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, თბილისელებს იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ამ 4 წლის მანძილზე ვგრძნობ. ეს მხარდაჭერა დასაფასებელია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ძალისხმევით, ამ ქალაქისთვის განხორციელებული პროექტებით დაგიბრუნოთ უკან ეს სიყვარული, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ,"-აღნიშნა კახა კალაძემ.