22-07-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი ექიმის, პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ოჯახს, ახლობლებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიაში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი ექიმის, პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გულშემატკივრობა თავისი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებისადმი. ის ქართველი კარდიოქირურგების არაერთ თაობას მუდმივად უზიარებდა მათ სფეროში არსებულ თანამედროვე მიღწევებს. სწორედ ეს არის საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ნამდვილი პატრიოტიზმი.
სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ვლადიმერის ოჯახს, მის ძმას, გამოჩენილ ქართველ მხატვარს ბატონ გიორგი ალექსი-მესხიშვილს. ამ მძიმე დანაკლისს ვუსამძიმრებ ახლობლებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.