23-07-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ.
გიორგი ხანიშვილმა თხილის ბაღები დაათვალიერა და ფერმერებისგან აგროსამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა სწორად გამოიყენეს სახელმწიფო მხარდაჭერა - ის ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკური დახმარება, რაც გადავეცით; ყოველივე ამის შედეგად, მათ შეძლეს მიეღოთ ისეთი მოსავალი, რაც 2-3 წლის წინ წარმოუდგენელი იყო", - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, აქტიურად მიმდინარეობს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები. „თხილის გადარჩენის პროგრამა" ფერმერებს ცოდნის ამაღლების, ტექნიკურ საშუალებებზე წვდომისა და, შედეგად, მოსავლის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.
გურიაში ფერმერებთან შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძეც ესწრებოდა. გიორგი ურუშაძის განცხადებით, სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერთა მიერ ერთობლივად განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში თხილის მოსავალი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, ფერმერები თხილის მოსავლის აღებისთვის ემზადებიან. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში წელსაც მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს პროგნოზირებენ. ასოციაციაში 27 ათასზე მეტი ფერმერია გაწევრიანებული, რომელთა თხილის ფართობები, ჯამურად, 31 ათას ჰექტარს აღემატება.