გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24-07-2021

საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს.

„საქართველოში პირველად ჩატარდა აგრარული ოლიმპიადა, რომელშიც სპეციალისტები, ფერმერები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადის ფარგლებში, მომზადდა საკმაოდ მაღალი დონის ტესტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი აგრარული ოლომპიადა შედგა და ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ოლიმპიადამ დასახული ამოცანები შეასრულა. საზოგადოების მხრიდან დაინტერესება იყო საკმაოდ მაღალი. სამომავლოდ, აგროოლიმპიადა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს ინტერესს როგორც სასოფლო-სამურნეო დარგის, ასევე, ზოგადად, სოფლის განვითარების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მომავლ წლებში, აგრარულ ოლიმპიადაში უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება, გვეყოლება მეტი გამარჯვებული, რაც აგრარული განათლების პოპულარიზაციას და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აგრარული ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას 4 კატეგორია - სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე წარმოადგენდა. საკონკურსო თემატიკა კი, 7 მიმართულებას - აგრონომია, ვეტერინარია, ღვინის ტექნოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია, სატყეო საქმე და მოსწავლეებისთვის გაერთიანებული საკითხები (სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია) მოიცავდა.

ელექტრონულ პლატფორმაზე, ოლიმპიადაში მონაწილეობის 755 მსურველი დარეგისტრირდა. ორ ეტაპად ჩატარებული ტესტირების შემდგომ, პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის 37 გამარჯვებული გამოვლინდა.

„დავაჯილოდოვეთ პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სკოლის მოსწავლეები - ისინი არიან ჩვენი მომავალი თაობა. სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ არ შეურჩევიათ მომავალი პროფესია, უკვე ინტერესდებიან სოფლის მეურნეობის დარგით, აგრარული საკითხებით და ერთვებიან კონკურსში. ვფიქრობ, ეს ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებაა“, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.

პირველი აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებაების ხელმძღვანელები, ოლიმპიადის პარტნიორი და მხარდამჭრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აგროოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის პარტნიორები იყვნენ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, პროექტი GRETA| მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი (EIEC).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930