გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

26-07-2021

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილება კანონში საერთაშორისო ვალდებულებას უკავშირდება.

მისი ინფორმაციით, 2020 წელს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ" ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ" კონვენციების, ასევე „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის" 1988 წლის კონვენციის თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს.

მომხსენებლის განცხადებით, ამ ეტაპზე სტატისტიკური მონაცემების არ არსებობის გამო, აღნიშნული ნივთიერებების შესაბამისი ოდენობების დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია, ანუ შეუძლებელია განისაზღვროს რა უნდა იყოს ამ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რაც დაუკავშირდებოდა პროპორციულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნებისმიერი ოდენობის შემთხვევაში.

თამარ გაბუნიას განცხადებით, როდესაც შესაძლებელი გახდება ნივთიერებათა ოდენობების განსაზღვრა, ცვლილებები კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც აისახება.

„კარგი იქნებოდა დოზებთან დაკავშირებით სიცხადე ყოფილიყო, მაგრამ საერთაშორისო კონვენციასთან მიერთება არის მნიშვნელოვანი, პრევენციული ღონისძიებაც და ვფიქრობ, რომ როცა ამ საკანონმდებლო ინიციატივის პლიუს-მინუსებზე ვსაუბრობთ, აშკარად პლიუსი სჭარბობს - ეს ვალდებულება არის, ეს უნდა დავიცვათ, თუმცა უნდა გავაგრძელოთ იმ კუთხით მუშაობა, რაზეც ყველა ვთანხმდებით, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930