26-07-2021
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ფაქტებზე დამყარებული მსჯელობის შედეგები და არა აღქმებზე დამყარებული მსჯელობის შედეგები და საერთო ჯამში, ამ დასკვნამ და დასკვნის გარეშეც, ჩვენ ვხვდებოდით ამას, რომ ერთი სათაური შეგვიძლია მივცეთ მთლიანად იმ პროცესს, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით თვეების განმავლობაში - ეს იყო აღქმებში გაყალბებული არჩევნები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები სწორედ ამ კულტურის დამკვიდრებას ცდილობენ უკვე წლებია, მაგრამ ეს განსაკუთრებით ხაზგასმით ვნახეთ ამ პროცესში, აღქმებზე თამაში, შთაბეჭდილებების შექმნა, განცდების აღძვრა - ეს იყო მთავარი ამოცანა, რაზეც მათ შორის დღეს ერთ-ერთმა ჩვენმა ოპონენტმა, როგორც ჩანს, ერთ-ერთ კომენტარში ისაუბრა კიდევაც, რომ განწყობები არის და ამას არაფერი არ შეცვლისო. სწორედ ეს არის მთავარი მეთოდი, რაც არ არის ახალი. სწორედ ასე მუშაობს დეზინფორმაცია, სწორედ ასე მუშაობს სელექციური მიდგომა და ვფიქრობ, ეს იყო მთავარი გამოწვევა და ეს რჩება მთავარ გამოწვევად და ამიტომ მინდა, რომ ამ დასკვნასაც და ჩვენ გამოცდილებასაც, რაც აღქმებში გაყალბებული არჩევნებით ვიხილეთ ჩვენმა საზოგადოებამ, აქედან ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ და უფრო ფართოდ შევხედოთ. კერძოდ იმას, რომ დეზინფორმაცია მთლიანად მსოფლიოში პრობლემაა და ჩვენთანაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და დღესაც, ყოველდღიურად, ვაწყდებით ჩვენ ამას - დეზინფორმაცია, ყალბი ფაქტები, ყალბი ახალი ამბები, რომლითაც ტვირთავენ ადამიანების ტვინებს და შემდეგ ქმნიან აღქმებს, განცდებს, განწყობებს და ამ განწყობებით გამოაქვთ ადამიანებს დასკვნები ნაცვლად ფაქტებისა და მტკიცებულებებისა. სწორედ საგამოძიებო კომისიის მთავარი დამსახურება არის ის, რომ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნები გამოიტანა",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.