27-07-2021
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი ხორციელდება და ვსაუბრობთ იმ დადებით შედეგებზე, რომელიც ჰქონდა საქართველოს თავმჯდომარეობას, ასევე, იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის დროს იყო დაყენებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე",- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, რიკ დემსის ვიზიტი ჯერ კიდევ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, გლობალური პანდემიის გამო, ეს ვერ მოხერხდა. დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს მუშაობისთვის განსაზღვრული პრიორიტეტები პარტნიორმა სახელმწიფოებმა გაიზიარეს და ამ საკითხებზე მუშაობა ახლაც გრძელდება.
„ვისაუბრეთ დელეგაციის მუშაობაზე, რომელსაც ახორციელებს ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები დაკავებულები არ არიან მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საკითხებით, არამედ ჩვენი დელეგაციის წევრები ასევე მუშაობენ ისეთ თემებზე, რომელიც საერთო დღის წესრიგს წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის და რა თქმა უნდა ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილება, ჩვენი შესაძლებლობები გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს ევროპის საბჭოში. როგორც იცით, საქართველო მონიტორინგის პროცესში მონაწილეობს. ასევე, გვქონდა საუბარი იმ ვითარებაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომელზეც იყო საუბარი და პრეზიდენტის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ დოკუმენტს, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ მოხდეს დეესკალაცია და პოლარიზაცია შემცირდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.