27-07-2021
მეცნიერების პოპულარიზაციის, მის მნიშვნელობასა და მიზნებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პირველად საქართველოში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე ინტერნეტარხი „მეცნიერების სამყარო“ შეიქმნება.
პროექტის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა, რომელმაც სამინისტროს მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო სიახლეებზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სამეცნიერო პლატფორმა ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდა და ღვაწლმოსილი მეცნიერების წარმოჩენას, ისე საზოგადოებისთვის ყველა იმ პროექტის გაცნობას, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
რუსთაველის ფონდის გენერალურის დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ ახალი არხის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და ხაზი გაუსვა, რომ ინტერნეტარხი ხელს შეუწყობს საქართველოს მდიდარი სამეცნიერო ტრადიციების, ცნობილი სამეცნიერო სკოლების, მათი ფუძემდებლების მოღვაწეობის საზოგადოებისათვის, მათ შორის, ახალგაზრდებისათვის გაცნობას, მემკვიდრეობითობის შენარჩუნებას, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე სიახლეების მხარდაჭერას.
მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტარხზე „მეცნიერების სამყარო“ განთავსდება როგორც სამეცნიერო-პოპულარული, ასევე დოკუმენტური ფილმები მეცნიერებზე, ტელეგადაცემები, რუსთაველის ფონდის მიერ ადმინისტრირებული კონკურსების ფარგლებში შექმნილი ვიდეომასალა, ვირტუალური მუზეუმები თუ ვიდეობლოგები.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს ეროვნულ არქივთან, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, საქართველოს ხელოვნების სასახლესთან და სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ისტორიკოსმა და რეჟისორმა თომა ჩაგელიშვილმა რუსთაველის ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტი ფილმის - „ცხოვრება 5 300 წლის წინანდელ საქართველოში“ შესახებ ისაუბრა. დასასრულს მოეწყო ფილმის ჩვენება.