27-07-2021
„გაყალბებული არჩევნები - ეს იყო პროექტი, რომელსაც ოპოზიციის გეგმით ეს ქვეყანა უნდა ამოეტრიალებინა და მათთვის წარმატებით უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ რაც მიხვდნენ რომ ეს პროექტი ჩავარდა, არც კომისიის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა და საერთოდ დაივიწყეს, იმიტომ რომ ეს იყო მათი წარუმატებელი ცრუ პროექტი“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიცია მონაწილეობდა, თუმცა არ იყო ის ხალხი, ვინც ამ თემით სპეკულირებდა, ვინც მოიგონა პიარ სტრატეგია, ფორმატი, თუ პროექტი.
„გაყალბებული არჩევნები“, რომლითაც 6 თვის განმავლობაში ეს ქვეყანა ძალიან აჯანჯღარეს.
„რომ არა ჩვენი ყველა დეტალზე ჩაჭიდებული არგუმენტები და ფაქტები, ეს ადამიანები მიზანს მიაღწევდნენ, რომ არა გივი მიქანაძის და კომისიის სხვა წევრების დეტალური გამოძიება, ჩვენ დღეს საბოლოოდ თამამად ვერ ვიტყოდით, რომ არათუ გაყალბდა, ერთერთი ძალიან კარგად ჩატარებული არჩევნები იყო, სადაც აისახა ამომრჩევლის ნება. საბოლოო ჯამში საქართველოში კიდევ ერთხელ იყო ნაცმოძრაობის მცდელობა, მოეტყუებინათ ქართული საზოგადოება, გამოეწვიათ ამით აღშფოთება, ასეთი პროექტი დადეს, მაგრამ ვერ განახორციელეს, იმიტომ რომ სიმართლე არ იყო მათ მხარეს. სიმართლე რომ იყოს მათ მხარეს, ქართველი ხალხიც მათ მხარეს იქნებოდა, უბრალოდ ისინი იტყუებიან და ქართველი ხალხი თავს არ იტყუებს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია და განსაკუთრებით ის ორგანიზაციები, რომლებიც მთელ მსოფლიოში აფასებენ არჩევნებს, ლეგიტიმურად კონკურენტულად და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებულად აღიარებდნენ ამ არჩევნებს, სადაც აისახა ამომრჩევლის ნება.