28-07-2021
„არჩევნების შედეგების გამოქვეყნება ნამდვილად არ იყო დაგვიანებული და ამის კონკრეტული არგუმენტაცია წარმოვადგინეთ“ - განაცხადა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ „ღამის კურიერში“.
მისი თქმით, პირველი შემაჯამებელი ოქმები მყისიერად ცესკოს მიერ იტვირთებოდა ოფიციალურ ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
„წინასწარი ე.წ. პირველადი შედეგები გამოცხადდა საარჩევნო უბნების დახურვიდან შვიდ საათსა და ოცდახუთ წუთში. თუ შევადარებთ 2016 წელს, სადაც ხუთ საათსა და ოცდაათ წუთში გამოცხადდა პირველადი შედეგები, ალბათ საზოგადოება იტყვის, რომ კი ორი საათის დაგვიანებით გამოცხადდა, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. 2016 წელს სულ მონაწილეობდა 25 საარჩევნო სუბიექტი, 2020 წელს ორჯერ მეტი,ზუსტად 50 საარჩევნო სუბიექტი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შემაჯამებელ ოქმზე პოლიტიკური სუბიექტები ორ გრაფაში იყო განთავსებული და არა ერთიან გრაფაში. თუ კიდევ უფრო შორს წავალთ და 2012 წელს შევადარებთ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული არჩევნები იყო, სადაც თექვსმეტი სუბიექტი იღებდა მონაწილეობას, იქ რვა საათის შემდეგ გამოცხადდა, ამიტომ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 11 საათიდან უკვე იტვირთებოდა მონაცემები და პირველადი შედეგები 50 სუბიექტის პირობებში გამოცხადდა შვიდ საათსა და ოცდახუთ წუთში, ალბათ საზოგადოებისთვის ლოგიკური ახსნაა, რომ ეს არანაირად არ იყო დაგვიანებული“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.