გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა

29-07-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო ორგანიზატორი – საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA).

ფინალისტებს საშუალება ექნებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ისარგებლონ სასწავლო და საცხოვრებელი გრანტებით.
მიხეილ ჩხენკელი: „ვულოცავ კონკურსის გამარჯვებულებს! გისურვებთ წარმატებებს და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებას ცხოვრებაში! დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნა და უნარები წინსვლის უამრავ შესაძლებლობას მოგცემთ მომავალში და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში.

მინდა გითხრათ, რომ მათემატიკას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს. მათემატიკა პირდაპირ კავშირშია ლოგიკურ, ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებასთან. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მათემატიკის შესწავლასა და სწავლებას მივუძღვენი და, ვფიქრობ, რომ ეს არის მეცნიერება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიაზროთ სამყარო, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემების ეფექტურად გადაჭრისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარები განვივითაროთ“.

მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს განათლების სისტემის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მისი დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ, პანდემიის მიუხედავად, უნივერსიტეტი 2020 წელს საზეიმოდ გაიხსნა და 2020-21 სასწავლო წლიდან მიიღო პირველი სტუდენტები სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე: მათემატიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება. აღნიშნული პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, არსებული მიდგომა შენარჩუნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად შეიქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ქართველებთან ერთად ჩართული არიან უცხოელი პროფესორებიც. შედეგად, რამდენიმე წელიწადში ქუთაისში ჩამოყალიბდება რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი – განათლებისა და მეცნიერების მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. შესაბამისად, უნივერსიტეტი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება.

„M ვექტორის“ ძირითად ეტაპზე 923 მონაწილე დარეგისტრირდა. 79 მონაწილე გადავიდა ფინალურ ეტაპზე. პროექტის ძირითადი და დასკვნითი ეტაპები ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ეტაპის მიმდინარეობისას შინაარსობრივი საკითხების განხილვა მონაწილეებს პროექტის ექსპერტებთან ერთად სპეციალურ ფორუმზე შეეძლოთ.

„M ვექტორი“ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი კონკურსია, რომელიც თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს პასუხობს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზეა ორიენტირებული. „M ვექტორს“ საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა. კონკურსის მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენასა და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ XI-XII კლასელებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრ შეზღუდვას არ აწესებს - მასში მონაწილეობის მიღება უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930