გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ქედაში ახალი საწარმო ამოქმედდა

30-07-2021

სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ქედას მუნიციპალიტეტში, კომპანიამ „აჭარა თრეიდინგ გრუფი” პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოს მოსაწყობად 700,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 170,000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.

„სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შესაფუთი მასალა; სწორედ ამ საწარმოში, მზადდება ის პოლიეთილენის ყუთები, რომლითაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადის ექსპორტზე“, - განაცხადა სოფლის განვითარების საგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, რომელიც საწარმოში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერთან, ქეთევან ხუციშვილთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედ ხელმძღვანელთან, ანნა ჩერნიშოვასთან ერთად იმყოფებოდა.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 30-ზე მეტი პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 5,5 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია.


„სოფლად შესაძლებლობების დივერსიფიკაცია ადგილობრივი ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირის დახმარებით, საქართველო შეძლებს შესაბამისი რეფორმების გატარებას და მომავლის სოფლის აშენებას, სადაც ადამიანები სწავლის, დასაქმებისა და ბიზნესის წარმოების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ისარგებლებენ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

საწარმოში სამუშაო პროეცესის გასაცნობად, ასევე იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე და პროექტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930