3-08-2021
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეთა შეშფოთებას ეკონომიკური საკითხებისა და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები 2021 წლის ივნისში ჩატარდა, 2021 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე.
კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, გამოკითხულთა 45%-მა უმუშევრობა დაასახელა, 20%-მა - ცხოვრების დონე და მაღალი ფასები, ხოლო 8% თვლის რომ სიღარიბე ქვეყნის უპირველესი გამოწვევაა.
რესპონდენტების აზრით, იგივე პრობლემები დგას როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე ოჯახების დონეზეც. გარდა ამისა, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მიმართულება იქნება პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის იმ ორ კომპონენტს შორის, რომელიც სავარაუდოდ განსაზღვრავს ამომრჩევლის არჩევანს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.
"პოლიტიკური პარტიებისთვის ეს მიგნებები არის მკაფიო მოწოდება მოქმედებისკენ. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა იხელმძღვანელონ პროგრამებით, რომლებიც ორიენტირებულია ეკონომიკური საკითხების მოგვარებაზე”- განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა.
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, მოქალაქეთა 61% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, ამათგან 97% თვლის, რომ ეს ნეგატიური მოვლენაა.
ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულთა 77%-ი, რომლებსაც სმენიათ 19 აპრილის შეთანხმების შესახებ, მხარს უჭერს შეთანხმებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული სიტუაციის განმუხტვისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მიუხედავად პოლარიზაციის ზრდისა, ამომრჩეველთა ენთუზიაზმი კვლავ მაღალია, გამოკითხულთა 89% ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიიღებს.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ იზრდება საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა რომლებიც COVID-19-ის ვაქცინის გაკეთების წინააღმდეგია. გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეების 45% ამბობს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას. ეს მაჩვენებელი, 2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით 6 ნიშნულითაა გაზრიდილი.
„ეს ხაზს უსვამს, ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიის ჩატარების აუცილებლობას. კამპანიის მსვლელობასთან ერთად, მეტი უნდა გაკეთდეს საქართველოს მოქალაქეების დასარწმუნებლად, რომ ვაქცინა უსაფრთხოა “ - განაცხადა სტივენ ნიქსმა.