3-08-2021
აბსოლუტურად სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან მელია და კალაძე, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ზოგადი ტენდენციების დამახინჯება რთულია და ამ კვლევითაც ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მერობის კანდიდატი უპირობო ლიდერია. რაც შეეხება გიორგი გახარიას პიროვნულ რეიტინგს, კითხვაზე, რამდენად წაართვა გახარიამ ხმები „ქართულ ოცნებას“ და უნდა ველოდოთ თუ არა ამ ტენდენციის გაგრძელებას წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ქადაგიშვილი ამბობს, რომ უმჯობესია არ ვისაუბროთ წართმევაზე და „მივცეთ გახარიას იმის საშუალება და უფლება მაინც, რომ იქნებ თავის ხმები მოიპოვოს“.
„თუ ჩვენ ტენდენციებზე ვსაუბრობთ, ზოგადად, ტენდენცია რომ დაამახინჯო ძალიან რთულია. აქაც ჩანს ტენდენცია, რომ „ოცნება“ უპირობოდ ლიდერია და მისი ლიდერიც უპირობოდ ლიდერია. ამ კვლევის საფუძველზეც და ზოგადად ნათელია, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან მელია და კალაძე როგორც კანდიდატები. ჩემი პროგნოზით, კალაძე მოიგებს პირველივე ტურში. ჩვენ მოდით, ნუ ვლაპარაკობთ წართმევაზე, მივცეთ ამ გახარიას იმის საშუალება და უფლება მაინც, რომ იქნებ თავის ხმები მოიპოვოს. ყველაფრის, მთელი ქართული პოლიტიკის აწყობა, რომ ოღონდ „ქართულ ოცნებას“ რაღაც წაართვან, არის კონტრპროდუქტიული. თუ რამე უკეთესი შეუძლია ოპოზიციას და მათ შორის, გახარიას, ამას დაუჭერს მხარს. „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ყოველთვის უკეთესს სთავაზობს და ამიტომ არის გამარჯვებული,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში კვლევების ჩატარება გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება.
„ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, ამასთან გვაქვს საქმე, რომ მომავალი არჩევნებისთვის გარკვეული დღის წესრიგის წინასწარ მომზადება ხდება, ამისთვის საჭიროა გარკვეული ციფრები დაიდოს, რაც შეიძლება რეალობასთან დაშორებული იყოს, მაგრამ საჭიროა სპეკულაციების გამოსაწვევად. ამ კვლევებს საერთაშორისო ორგანიზაციები უკვეთავენ, მაგრამ მას ატარებს აქ ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც ბევრჯერ არის ამ მანიპულირებაში მხილებული და კონკრეტული პოლიტიკური მიკერძოება ახასიათებს,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.